თუკი ვინმეს მოესურვა,
ძველი წყლული გაგვიმთელოს,
და ამ გრძნობით მოევლინა
ჩვენს პატარა საქართველოს,
თუ კვლავ სისხლით აღარ მორწყავს
მის მთა-გორებს, მინდორ –მდელოს,
თუ უხეშად ხელს არ ახლებს
ჩვენ სატრფოს და სამლოცველოს,
თუ რომ იგი უკუ აქცევს
შემოტეულლ ხმალს და ხიშტებს,
თუ სიფლიდეს არ შეგვწამებს,
თუ მტრულად არ შემოგვიტევს,
თუ ვიხილავ ქართულ დროშას,
თუ მოვისმენ კვლავ „დიდებას“
და ადგილი არ ექნება
აქ პირადულ განდიდებას,
თუ კი იგი მშრომელ მუშას
რასაც ამბობს, იმას მისცემს
და ამავ დროს ქართველობას
შეურცხვენლად დაამტკიცებს.
თუ დაიცავს ეროვნულ სულს,
ბრძოლის ცეცხლში გამოვლებულს.
არ ვიხილავ ჩემს სამშობლოს
გოლგოთაზე ჯვარცმულს, ვნებულს –
მაშინ, მაშინ მეც მათთან ვარ,
წინ ვერ გამისწრებენ სხვები,
დაჩაგრულთა სამსხვერპლოზე
მე პირველი დავიწვები!
მაგრამ ვინმე თავხედურად
თუ ჩვენს საზღვრებს გადმოლახავს,
ჩემს სამშობლოს დამიმცირებს,
შემიგინებს, შემილახავს,
დამიჩაგრავს, დამიმონებს,
ცრემლსა დაადენს უმიზეზოდ
და ჩვენს ლამაზ ბაღ-წალკოტებს
გადააქცევს მტრების ეზოდ,
ძალადობას გაგვიბედავს,
მანდილს მოხდის ქართველ დედას,
ციხე-კოშკებს შეგვიგინებს,
ჯაჭვ-ბორკილებს გაგვიჭედავს,
მწუხარებას შემოგვიტანს,
მწუხარებას – შავ ფრთა გაშლილს,
აატირებს მთაწმინდაზე
ილიას და ბარათაშვილს,
შავს ჩააცმევს ტურფა თამარს,
ძაძით მოსავს სათნო ნინოს,
მაშინ, დაე ჩვენმა მტერმა
საპასუხო მოისმინოს:
იცოდეს, რომ ვერ დაიპყრობს
ძალით ჩვენს სულს ვერასოდეს,
არ გვსურს ვაჟას ნორჩი ნუკრი
კვლავ სისხლიან ბალახს ძოვდეს,
იცოდეს, რომ ვერც ერთს ჩვენგანს
ის მტრობით ვერ შეიერთებს,
თაყვანს არ ვცემთ არვის კერპებს,
არ ვიწამებთ არვის ღმერთებს!
ჩემი ერი ამაყია
და ის მონა არ გახდება,
თუ აქამდე არ მომკვდარა,
მომავალშიც არ მოკვდება!
მწამს მსოფლიო ასპარეზზე
ის გაიტანს ზღაპრულ ლელოს
და კვლავ ვნახავთ
მკვდრეთით აღმსდგარ
გამარჯვებულ
საქართველოს! საფო მგელაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий