вторник, 31 января 2017 г.

                საგანმანათლებლო ბლოგი


  მართლწერის საკითხები გრამატიკიდან
  მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის



სათაურების მართლწერა
·         სათაური და სახელწოდებები, თანდართულ ბრუნვის ნიშნებთან ან თანდებულებთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ბრჭყალებში:
ვებგვერდი „ARIS.GE“, ლექსი „პოეტი“, მოთხრობა „სარჩობელაზედ“ და ა.შ.
·         თუ სათაური ერთსიტყვიანია და მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში დგას, ბრუნებისას ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის სათაურს:
 „პოეტმა“,  მაგრამ არა „სარჩობელაზედში“.
·         თუ სათაური მხოლობითი რიცხვის სახელობითში არ დგას, ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის მსაზღვრელს ( წინამავალ სიტყვას, რომელიც განსაზღვრავს სათაურს):
მოთხრობაში „სარჩობელაზედ“, ლექსში „სიყვარულო, ძალსა შენსა“…
·         თუ სათაური კითხვა-ძახილის ნიშანს დაირთავს, სასურველია ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დავურთოთ მსაზღვრელს:
მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“, მოთხრობამ „კაცია-ადამიანი“ და ა.შ.
·         თუ სათაური ნართანიანი მრავლობითითაა გადმოცემული ან წარმოდგენილია ზმნის პირიანი ფორმით, მაშინ იბრუნვის მსაზღვრელი(წინამავალი სიტყვა) და ბრუნვის ნიშანიც მას უნდა დავურთოთ:
მოთხრობის „მთანი მაღალნი“,  ნაწარმოებში „ამოდის ნათდება“ და ა.შ.
·         თუ სათაურს თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი უძღვის, ნათესაობითსა და მოქმედებითში ის ფუძის სახით უნდა დაიწეროს. ბრუნვის ნიშნის ნაწილი ი მსაზღვრელს არ დაერთვის!
ლექს„პოეტის“, რომან „არსენა მარაბდელით“, გაზეთ „ივერიად“ და ა.შ.
·         გრძელ (ერთი ან ერთზე მეტი წინადადების შემცველ) სათაურებს ბრუნვის ნიშანი და თანდებული არ დაერთვის:
მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, მოთხრობიდან „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ და ა.შ.
და ბოლოს!
·         ქართულში სათაურების შემდეგ წერტილი არ იწერება!
არასწორია: ლექსი მერანი; მოთხრობა „მთანი მაღალნიში“; პოემა „ვეფხისტყაოსან“-ში;”შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი” – ში; ლექსის „პოეტის“
სწორია: ლექსი „მერანი“; მოთხრობაში „მთანი მაღალნი“; პოემა „ვეფხისტყაოსანში“; ლექსში „ შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი“; ლექს „პოეტის“



                                           --------------------------------------------------
დღეს ვისაუბრებთ უმნიშვნელოვანესი სასვენი ნიშნის, მძიმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად და არ დავწეროთ მძიმე ყოველი ''რომ-ის'' წინ. სტატისტიკის მიხედვით, ქართული ენის გამოცდაზე ''ტექსტის რედაქტირებაში'' 4-5 შეცდომა სწორედ მძიმის სწორად დასმაზე მოდის.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. მძიმე დაისმის ერთგვარი წევრების შემდეგ შერწყმულ წინადადებაში, თუ მათ არ აერთებთ ''და'' ან ''თუ'' კავშირი. მძიმის დასმით ხდება ერთგვარი წევრების გამიჯვნა.
➡️მაგალითად - კონკურსანტის მღერა, სიცილი, ცეკვა ჟიურის არ მოეწონა.
✔️დაიმახსოვრეთ! ერთგვარი წევრები ეწოდება მხოლოდ იმ სიტყვებს, რომლებიც ერთსა და იმავე მეტყველების ნაწილს წარმოადგენს. ერთგვარი წევრებია, მაგალითად, რამდენიმე რიცხვითი(მასწავლებელი ითვლის: ერთი, ორი, სამი...), ზედსართავი(ქეთიმ წითელი, ყვითელი და ლურჯი ყვავილები დაკრიფა), არსებითი სახელი, ასევე, რამდენიმე ზმნა(ტეხა, კრეფა, დაწურვა - შემოდგომის განუყრელი საქმიანობებია), ნაცვალსახელი და ა.შ.
✔️დაიმახსოვრეთ! თუ წინადადებაში ერთგვარი წევრები არ არის, ჩამოთვლის მიუხედავად, მძიმე არ იწერება.
➡️მაგალითად - გიორგიმ დავალება გუშინ სახლში სწრაფად შეასრულა.
ეს წინადადება მძიმეს არ საჭიროებს(არასწორია: გიორგიმ დავალება გუშინ, სახლში, სწრაფად შეასრულა), რადგან ერთგვარი წევრები არ არის(თითოეული მათგანი გარემოებაა, თუმცა არ არის ერთნაირი ტიპის გარემოება. გუშინ - დროის გარემოებაა, სახლში - ადგილის გარემოება, სწრაფად - ვითარების გარემოება. იმ შემთხვევაში თუ აქ მხოლოდ ერთი ტიპის გარემოებები იქნებოდა, მათ გასამიჯნად მძიმე დაიწერებოდა. მაგალითად, გიორგიმ დავალება გუშინ, სამშაბათს, ხუთ წუთში შეასრულა. მძიმეები დაიწერა იმის გამო, რომ ყველა ერთი ტიპის, დროის გარემოება, იყო).
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. მძიმე დაისმის განკერძოებული განსაზღვრების გამოსაყოფად.
ეს იმას ნიშნავს, რომ მძიმე დაისმის იმ შემთხვევაში, თუკი მოცემულია არსებითი სახელი და ამ არსებით სახელს მოსდევს განსაზღვრება(ზედსართავი სახელი), რომელიც აკონკრეტებს მოცემულ სახელს თვისობრივად(თუ როგორი იყო იგი).
➡️მაგალითად - სალომე, ძაღლისგან შეშინებული, სახლისკენ გარბოდა.
✔️დაიმახსოვრეთ! თუ წინადადება იწყება განსაზღვრებით, მძიმე არ იწერება.
➡️მაგალითად - მკვეთრად მოკაშკაშე მზე ზემოდან იყურება.
✔️დაიმახსოვრეთ! თუ განსაზღვრებას ადგილს შევუნაცვლებთ(მეორე ადგილზე დავწერთ), იგი განკერძოებული განსაზღვრება გახდება და მძიმე უნდა დაიწეროს.
➡️მაგალითად - მზე, მკვეთრად მოკაშკაშე, ზემოდან იყურება
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. მძიმე დაისმის განკერძოებულ გარემოებასთან და ამხსნელ-დამაზუსტებელ დანართთან.
განკერძოებულია გარემოება, რომელიც წინადადებაში პირველად მოცემულ გარემოებას იმავე ტიპის გარემოებით აკონკრეტებს.
➡️მაგალითად - ხვალ, ორშაბათს, სკოლაში მშობელთა კრებაა.
''ხვალ'' და ''ორშაბათს'' ორივე დროის გარემოებაა(იგივე ზმნიზედა) და დაისმის მძიმე. მეორემ დააკონკრეტა პირველი გარემოება.
✔️დაიმახსოვრეთ! გარემოება შეიძლება იყოს ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის. ამის მიხედვით, არსებობს განკერძოებული ადგილის, დროის, ვითარების, მიზნისა და მიზეზის გარემოება(ყველა სახის განკერძოებითთან მძიმე იწერება).
➡️მაგალითად - ხის მარჯვნივ, სახლის გვერდით, კატა წევს.
➡️მაგალითად - მასწავლებლები პატარა ბავშვებს თბილად, დედაშვილურად ექცეოდნენ.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ✔️დაიმახსოვრეთ! მძიმე იწერება დანართთან(თუ შუაშია ორივე მხრიდან, თუ წინადადების თავში ან ბოლოში - ცალმხრივად). დანართი ისეთი განკერძოებული სიტყვაა, რომელიც წინადადების რომელიმე წევრის შესახებ დამატებით ცნობას, ახსნა-განმარტებას შეიცავს.
➡️მაგალითად - ჩვენ, ადამიანები, გონიერი არსებები ვართ.
ამ შემთხვევაში ''ადამიანები'' დაკონკრეტებაა ''ჩვენის''.
➡️მაგალითად - გიორგიმ, თემურის შვილმა, გაკვეთილზე დააგვიანა.
ამ შემთხვევაში დაკონკრეტებულია ის, რომ გიორგი გახლავთ თემურის შვილი, მოგვცა დამატებითი ინფორმაცია გიორგის შესახებ. წესისამებრ, დაიწერა მძიმეც.
✔️დაიმახსოვრეთ! სახელობით ან მოთხრობით ბრუნვაში ჩასმულ სახელთან, დანართი მძიმით იშვიათად გამოიყოფა. მძიმე მაშინ დაისმება, თუ მასზე ყურადღების გამახვილება გვსურს.
➡️მაგალითად - საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი მთელი მონდომებით ცდილობდა საქართველოს გაერთიანებას.
მაგრამ - დავით აღმაშენებელი, საქართველოს მეფე, მთელი მონდომებით ცდილობდა საქართველოს გაერთიანებას.
✔️პირველ შემთხვევაში მძიმე არ დაიწერა იმიტომ, რომ ა) ''დავით აღმაშენებელი'' სახელობით ბრუნვაში იყო ჩასმული(ნუ დაწერთ ასეთ შემთხვევაში მძიმეს), ბ) არ გვსურდა მკითხველის ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ საუბარი საქართველოს მეფე დავითზეა იყო და არა რომელიმე სხვაზე, რადგან წინადადება საერთო ჯამში, გამოკვეთის გარეშეც, აღიქმებოდა სრულყოფილად.
✔️მეორე შემთხვევაში მძიმე დაიწერა იმიტომ, რომ დავაკონკრეტეთ ''დავით აღმაშენებლის'' პროფესია, სოციალური სტატუსი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. მძიმე იწერება ''ანუ-სთან'' მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით გვინდა უკვე ნათქვამზე ყურადღების გამახვილება.
➡️მაგალითად - მეფე საუბრობდა მშობლიურ ენაზე, ანუ ფრანგულად.
სხვა შემთხვევაში ''ანუ-სთან'' მძიმე არ იწერება. რადგან გამოცდაზე მოცემულ წინადადებაში, რთულია, განსაზღვრო წინადადების ავტორის დამოკიდებულება, ამიტომ ნუ დაწერთ მძიმეს ''ანუ-სთან''.
➡️მაგალითად - ბაბუამისის პატივსაცემად დაარქვეს შვილიშვილს ეს სახელი ანუ გიორგი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მძიმე იწერება ჩართულ სიტყვა-გამოთქმებთან.
ნებისმიერი სიტყვა, რომელიც ეკუთვნის ავტორს წინადადებაში გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით, მძიმით გამოიყოფა.
თუ ჩართული წინადადების თავშია ერთი მძიმე მოსდევს მას, თუ ბოლოშია - მის წინ იწერება, თუ შუაშია - ორივე მხრიდან.
➡️მაგალითად - მე, რასაკვირველია, ძალიან მომეწონა ეს ლექსი.
➡️მაგალითად - რასაკვირველია, ძალიან მომეწონა ეს ლექსი.
➡️მაგალითად - მე ძალიან მომეწონა ეს ლექსი, რასაკვირველია.
✔️დაიმახსოვრეთ! მძიმე იწერება შემდეგ სიტყვა-გამოთქმებთან
ამრიგად, ამგვარად, ასე ვთქვათ, ასე რომ, დავუშვათ, ერთი სიტყვით, რა თქმა უნდა, რასაკვირველია, მაგალითად, ვფიქრობ, სხვათა შორის, ჩემი აზრით, ერთი მხრივ და სხვ. ეს საკითხი, ჩემი აზრით, ისევ მოითხოვს განხილვას. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იყო...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. მძიმე იწერება მიგებით ნაწილაკებთან(მიგებითი ნაწილაკი: 1. დადებითი - კი, ჰო, დიახ და 2. უარყოფითი - არა, ვერა. - ჰო, იმას ვამბობდი. - არა, ვერ წამოვალ. - კი, ბატონო!...), შორისდებულებთან (შორისდებულები: ოჰ, ეჰ, უჰ, ვაჰ, ვაი, ფუ, ვიშ, ჰოი, უი, ვაშა და სხვ. მძიმით გამოიყოფა: ოჰ, შენა ხარ? ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!), მიმართვასთან(მიმართვა: ახლა კი, ამხანაგებო, დავლიოთ ჩვენი მასპინძლის სადღეგრძელო!).
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამით სასვენი ნიშნების თემა არ ამოწურულა, მალე იქნება გაგრძელება!
გრამატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი. ასევე კომენტარებში დაწერეთ, თუ რომელი გრამატიკული თემის/საკითხის განხილვას ისურვებდით შემდეგ გაკვეთილზე.




----------------------------------------------
მაგალითად, თუ წინადადებაში მოცემულია შემდეგი სიტყვები: ''მინახავხარ'', ''პლუსი'', ''სწამს'', ''ვავადმყოფობ'', ''ხელმეწიფება'', ''შეფუთნილი'', ''აბურძგნული'' და ა.შ. მათში რაიმეს შეცვლის შემთხვევაში ქულა დაგაკლდებათ, რადგან უკლებლივ ყველა მათგანი გრამატიკულად სწორი ფორმაა!
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
⬇️ახლა კი, უშუალოდ შეცდომების გასწორებაზე გადავიდეთ და გზადაგზა შეცდომის აღმოჩენის მარტივ ხერხებსაც გაგაცნობთ⤵️
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''ჰალიკარნასი, დღევანდელი ბოდრუმი მცირე აზიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი იყო''.
ამ წინადადებაში მძიმე(, ) გვაკლია, რადგან ''დღევანდელი ბოდრუმი'' წარმოადგენს დანართს(წინადადების რომელიმე წევრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შემცველ სიტყვას დანართი ეწოდება). მაშასადამე - თუ კი სახელს მოსდევს დამაკონკრეტებელი სიტყვა, მაშინ დამაკონკრეტებელი სიტყვის წინ და შემდეგ მძიმეები იწერება. (მაგ. დავითი, გვარად ბაგრატიონი, საქართველოს მეფე იყო)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''მავსოლე გარდაიცვალა ძველ წელღაღრიცხვით მე-IV საუკუნის 50-ან წლებში''
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმაა - ''ძველი წელთაღრიცხვა'' და მისი შემოკლება(ძვ.წ. აღ.) არ შეიძლება. ბრუნვაში ჩასმის შემდეგ იქნება >>> ''ძველი წელთაღრიცხვით''
✔️დაიმახსოვრეთ! რომაული რიცხვითი სახელები( I, II, III, IV...) რიგობითი რიცხვითი სახელებია და მე...ე-ს დაწერა არ შეიძლება. ე.ი. IV გულისხმობს არა''ოთხს'', არამედ ''მეოთხეს'', სწორედ ამიტომ იქნება ''IV საუკუნის''.
⏺ შენიშვნა ⏺ თუ კი თავად რიგობითის აღმნიშვნელი სიტყვა მოითხოვს ბრუნვას, არ ხართ ამაში შეზღუდული. სწორია - ''დავით IV-ის საგარეო პოლიტიკა'' და არა ''დავით IV საგარეო პოლიტიკა''.
✔️დაიმახსოვრეთ! სწორია: 50-იან, 60-იან, 20-იან და ა.შ.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''ჯვაროსნები კედლებისაგან მარმარილოს ფილებს გლიჯავდნენ ქანდაკებებს ამსხვრევდნენ''
✔️დაიმახსოვრეთ! თუ სიტყვა პასუხობს კითხვებს: რისგან? ვისგან? ამ სიტყვას დაერთვის ''გან''. მაგალითად, ხისგან, თიხისგან, ელენესგან...
⏺ შენიშვნა ⏺ თუ სიტყვა პასუხობს კითხვებს: საიდან? რა დროიდან? ამ სიტყვას დაერთვის თანდებული ''დან''. მაგალითად, სახლიდან, ხუთი საათიდან...
მაშასადამე, რადგან მოცემულ წინადადებაში სიტყვა''კედლები'' შეესაბამება კითხვას ''საიდან'', თანდებულად გამოყენებული უნდა იყოს ''დან'' - ''კედლებიდან''.
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: ზელს, დღვებს, გლეჯს, ბზეკს, ზნექს, კბეჩს, კვნეტს, კრეფს, კრეჭს, კვეთს, კვეცს, ტეხს, ჩეჩს, ჭექს, ხეთქს, იხვეჭს, იჩეჩს, ყეფს, წერს, ხვეწს... რადგან ამ ზმნების საწყისებია: ზელა, გლეჯა, ჩეჩა, ტეხა, კბეჩა... გამონაკლისია: რეცხვა-რეცხავს, კერვა-კერავს, ხაზვა-ხაზავს
⏺ შენიშვნა ⏺ არასწორი ფორმებია: ზელვა, გლეჯვა-გლეჯავს, კბიჩავს, კრიფავს, კრიჭავს...
✔️დაიმახსოვრეთ! თუ კი პირველი ზმნის შემდეგ წინადადებაში სხვა ზმნა მოდის, რომელიც ასევე პირველ ქვემდებარეს( ამ შემთხვევაში ''ჯვაროსნებს'') მიემართება, მათ საზღვარზე მძიმე იწერება(ჯვაროსნები...ფილებს გლეჯდნენ, ქანდაკებებს ამსხვრევდნენ''.
მაშასადამე, ეს წინადადება ასე გასწორდება >>> ''ჯვაროსნები კედლებიდან მარმარილოს ფილებს გლეჯდნენ, ქანდაკებებს ამსხვრევდნენ''
⏺ შენიშვნა ⏺ თუ კი ზმნას დაესმის კითხვა ''რას შვრებოდნენ'', მაშინ მას ექნება ''ნენ'' ბოლოსართი. ე.ი. სწორია: ამსხვრევდნენ, ჭამდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ... და არა ამსხვრევდენ, ჭამდენ, ცეკვავდენ, მღეროდენ...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დაარსა''.
✔️დაიმახსოვრეთ! დანართი არ არის ''ქალაქი ალექსანდრია'', დანართი იქნებოდა ის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ''ქალაქ ალექსანდრიას'' შემდეგ შეიძლება მოსდევდეს. რადგან არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მოსდევს, მძიმე არ იწერება.
სწორია: ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დაარსა.
საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო.
მძიმე არ იწერება შემდეგ წინადადებაშიც: ''ანასტასია თუმანიშვილი დაიბადა 1842 წლის 25 აგვისტოს თბილისში''.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''კონფერენციაზე მოიწვიეს ის, რომელსაც მრავალი სასიკეთო საქმე ჰქონდა გაკეთებული ამ კომპანიისთვის''
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი შესაბამისობა საკავშირებელ და მაკავშირებელ სიტყვებს შორის ასეთია:
⏹ ის - ვინც, ვისაც, რაც, რასაც
⏹ მას - ვინც
⏹ ისეთი - როგორიც
⏹ ისე - როგორც
⏹ მაშინ - როდესაც
⏹ იქ - სადაც
⏹ ის(+გოგონა/ბიჭი/ძაღლი ან ნებისმიერი არსებითი) - რომელიც
მოცემულ წინადადებაში არასწორია მაკავშირებელი სიტყვა"რომელსაც'', რადგან მისი გამოყენება შეგვიძლია იმ შემთხვევაში თუ საკავშირებელი სიტყვას მოსდევს არსებითი სახელი(მაგ. ის ბიჭი, რომელსაც წიგნი ვათხოვე...). თუ საკავშირებელი სიტვაა ''ის'', ამავდროულად, არ მოსდევს არც ერთი სახელი და პირდაპირ მაკავშირებელი ებმის, მაკავშირებლად გამოიყენება(ზემოთ მოცემული შესაბამისობის მიხედვით) ''ვისაც''.
⏹მაშასადამე, სწორი ვარიანტია: ''კონფერენციაზე მოიწვიეს ის, ვისაც მრავალი სასიკეთო საქმე ჰქონდა გაკეთებული ამ კომპანიისთვის''.
ამავე წესისამებრ სწორი წინადადებებია:
1️⃣ მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა(და არა მოხდა ის, რომელსაც არავინ მოელოდა).
2️⃣ არასოდეს ვათხოვებ წიგნს მას, ვინც მისი მოვლა არ იცის.
3️⃣ გუშინ ისეთი ამბავი გადამხდა თავს, როგორიც მხოლოდ ფილმებშია ნაჩვენები( და არა, ისეთი ამბავი გადამხდა თავს, რომელიც/როგორც/რაც მხოლოდ ფილმებშია ნაჩვენები).
4️⃣ გახსოვს ის შემთხვევა, რომელიც ერთად გადაგვხვდა თავს პარიზში?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
➡️ ⦁ მოცემულია წინადადება: ''კვირეები უნდა ველოდოთ გამოცდის შედეგებს''.
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: კვირები, წლები, დღეები, თვეები და არა კვირეები, წლეები, თვები.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია: ამბის, ამბით, ამბად, ამბები... არასწორია ამბავის, ამბავით, ამბავად....
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გრამატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი. ასევე კომენტარებში დაწერეთ, თუ რომელი გრამატიკული თემის/საკითხის განხილვას ისურვებდით შემდეგ გაკვეთილზე.
✔️
გისურვებთ წარმატებებს!
გაგრძელება იქნება!ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი


 როდის გამოვიყენოთ ტირე და როდის ორწერტილი?
წინადადებაში ერთგვარი წევრების ჩამოთვლისას  რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, რათა შეცდომებისგან დავიზღვიოთ თავი. ორწერტილსა და ტირეს შორის არჩევანის გასაკეთებლად სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
თუ ჩამოთვლილი სიტყვების წინ წერია განმაზოგადებელი (გამაერთიანებელი) სიტყვა, ანუ ისეთი სიტყვა, რომელიც ამ ჩამოთვლილ სახელებს მოიცავს, ჩამოთვლის წინ ორწერტილი იწერება:
მხატვარს სახელოსნოში ჰქონდა ყველაფერი: მოლბერტი, პალიტრა, ფუნჯები, საღებავები.
ყველაფერი განმაზოგადებელი სიტყვაა, რადგან ის გულისხმობს ყველა ჩამოთვლილ საგანს.
ამ წინადადებას რომ ამოვაკლოთ განმაზოგადებელი სიტყვა, მაშინ ორწერტილი საჭირო აღარ იქნება. შესაბამისად, სწორია:
მხატვარს სახელოსნოში ჰქონდა მოლბერტი, პალიტრა, ფუნჯები, საღებავები.
შევაჯამოთ!
თუ ერთგვარი წევრები განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგაა, ერთგვარ წევრთა წინ ორწერტილი იწერება:
ყველაფერი მდუმარებს: ტყე, მინდორი, ველი.
ახლა განვიხილოთ საპირისპირო მოვლენა, როდესაც ჯერ ჩამოთვლილია სახელები, ხოლო შემდგომ მოდის განმაზოგადებელი სიტყვა. ასეთ შემთხვევაში ერთგვარ წევრთა შემდეგ უნდა დაიწეროს ტირე!
მხატვარი მოლბერტს, პალიტრას, ფუნჯებს, საღებავებს – ყველაფერს სახელოსნოში ინახავდა.
გასათვალისწინებელია, რომ ამ წინადადებიდან განმაზოგადებელი სიტყვის ამოღების შემთხვევაში ტირე საჭირო აღარ იქნება. შესაბამისად, სწორია:
მხატვარი მოლბერტს, პალიტრას, ფუნჯებს, საღებავებს სახელოსნოში ინახავდა.
შევაჯამოთ!
შერწყმულ წინადადებაში ტირესა და ორწერტილის წერა დამოკიდებულია განმაზოგადებელ სიტყვაზე.
განვიხილოთ სხვა შემთხვევებიც.
შესაძლოა, ჩამოთვლილი სახელები წინადადების შუაში იყოს მოქცეული. ასეთ დროს ჩამოთვლილი სიტყვების წინაც და ბოლოშიც ტირე იწერება:
უცხოური მანქანები – „ვოლვო“, „ოპელი“, მერსედესი“ – განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენთან. დასაშვებია ასეთი დაწერილობაც: უცხოური მანქანები: „ვოლვო“, „ოპელი“, მერსედესი“–განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენთან.
და ბოლოს:
თუ განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგ ისეთი სიტყვაა, რომელიც ერთგვარ წევრთა ჩამონათვალზე მიუთითებს ( სახელდობრ, როგორიცაა…), მის წინ მძიმე იწერება, შემდეგ კი –ორწერტილი:
აბიტურიენტმა ისწავლა რამდენიმე ლექსი, სახელდობრ: „თოვლი“, „შერიგება“, „ელეგია“.
არასწორია:
აბიტურიენტმა ისწავლა რამდენიმე ლექსი – სახელდობრ –  „თოვლი“, „შერიგება“, „ელეგია“.
მხატვარი მოლბერტს, პალიტრას, ფუნჯებს, საღებავებს –  სახელოსნოში ინახავდა.
მხატვარს სახელოსნოში ჰქონდა ყველაფერი მოლბერტი, პალიტრა, ფუნჯები, საღებავები.
სწორია:
აბიტურიენტმა ისწავლა რამდენიმე ლექსი, სახელდობრ: „თოვლი“, „შერიგება“, „ელეგია“.
მხატვარი მოლბერტს, პალიტრას, ფუნჯებს, საღებავებს  სახელოსნოში ინახავდა.

მხატვარს სახელოსნოში ჰქონდა ყველაფერი: მოლბერტი, პალიტრა, ფუნჯები, საღებავები.