вторник, 31 января 2017 г.

დეფისის ხმარების წესი
დეფისი იწერება და კავშირის ნაცვლად მაშინ, როდესაც ორი განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სიტყვა უნდა გავაერთიანოთ, ანუ მნიშვნელობის მხრივ ერთმანეთთან დაკავშირებული ფუძეების გაერთიანებით მიღებული კომპოზიტები იწერება დეფისით!
ასეთებია:
დედ-მამა, ცოლ-ქმარი, და-ძმა, რაჭა-ლეჩხუმი და ა.შ.
დეფისი ასევე იწერება:
სინონიმური მნიშვნელობის რთულ სახელებთან:
სიცილ-კისკისი, სიცილ-ხარხარი, ბედ-იღბალი, ძალ-ღონე…
ანტონიმური მნიშვნელობის რთულ სახელებთან:
დიდ-პატარა, სიკვდილ-სიცოცხლე, აღმა-დაღმა…
რიცხვითი სახელების გაორკეცებით მიღებულ კომპოზიტებთან:
სამ-სამი, ოთხ-ოთხი, ას-ასი…
ფუძეგაორკეცებულ კომპოზიტებთან:
ცხელ-ცხელი, ყვითელ-ყვითელი, ფერად-ფერადი,,,
სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებულ  ბრუნვის ნიშნის უქონელ ზმნიზედებთან:
ტყე-ტყე, შუკა-შუკა, მინდორ-მინდორ, ქუჩა-ქუჩა…
ერთი და იმავე ფუძის მქონე, მაგრამ ზმნისწინით განსხვავებულ რთულ ზმნებთან:
აიარ-ჩაიარა, მიიხედ-მოიხედა, გადახედ-გადმოხედა…
სხვადასხვა ფუძის მქონე გაერთიანებულ ზმნებთან:
გააცივ-გააცხელა, გაათეთრ-გააშავა…
დეფისი აუცილებელია სიტყვებში, რომლებიც შედგენილია შერწყმული დანართის მეშვეობით და რომელთა პირველი წევრი ფუძის სახითაა წარმოდგენილი:
წევრ-კორესპონდენტი, ექიმ-დერმატოლოგი, ინჟინერ-მშენებელი, პრემიერ-მინისტრი, სახლ-მუზეუმი, მეცნიერ-თანამშრომელი…
დეფისით იწერება ასევე უცხოური ვიცე და ქართული ვაი პრეფიქსით დაწყებული კომპოზიტები:
ვიცე-მერი, ვაი-მეცნიერი, ვიცე-პრეზიდენტი, ვაი-კრიტიკოსი…
საგანგებოდ უნდა დავიხსომოთ, რომ თუ ორმნიშვნელობიან კომპოზიტს სიტყვის საწარმოებელი  ბოლოსართი ან თავსართ-ბოლოსართი დაერთვის, მაშინ დეფისი საჭირო აღარ არის, რადგან სიტყვა ერთცნებიანი ხდება:
ცოლ-შვილი, მაგრამ ცოლშვილიანი;
და-ძმა, მაგრამ დაძმური;

დედ-მამა, მაგრამ დედმამიანი ან უდედმამო.

Комментариев нет:

Отправить комментарий