четверг, 27 марта 2014 г.

კონკურსში გამარჯვებული თხზულება

კონკურსში გამარჯვებული თხზულება
 ჩემი ცხოვრების მიზანი
ადამიანები დააბიჯებენ ჩემს ირგვლივ და ფიქრობენ. მეც დავდივარ და ვფიქრობ. რა გამომილევს ამ დალოცვილი მზის ქვეშ საფიქრალსა და საოცნებოს.
ფიქრები მეტწილად ერთმანეთს ენაცვლებიან, მდინარებენ ხან მოწესრიგებული წყობით, ხან ქაოსურად. ათასი ფიქრი გამიჩინა თხზულებამ ,, ჩემი ცხოვრების მიზანი". არც ისე ადვილია, ჯერ კიდევ მოსწავლემ, ზუსტად გაიაზრო საკუთრი მისწრაფებები, მიზნები და შესაძლებლობები. თუმცა მაინც შევეცდები გაგანდოთ ჩემი სათქმელი.
ყველა ადამიანს შეუძლია იოცნებოს, მაგრამ შეძლებს კი ყველა ოცნების სინამდვილეში ახდენას?
ვიდრე ადამიანი ბავშვობის ასაკშია, საკუთარ თავსაც და გარესამყაროსაც ერთ მთლიანობად აღიქვამს, ამიტომ ყოველი ადამიანი მტკივნეულად განიცდის ბავშვობასთან დამშვიდობებას, ყოველი კაცი მისტირის დაკარგულ ჰარმონიას, დაკარგულ მთლიანობას. ბავშვური ოცნებების მსხვრევა დიდ ტკივილს იწვევს.
    რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი?
ბედნიერად ვიგრძნობ თავს, თუ ჩემს მიზნებს ფრთები არ შეეკვეცება და ჩემი ოცნება სინამდვილეში ახდება... მაგრამ მაშინ რა ჰქნას გულმა, თუ სამუდამოდ გაწყდა კავშირი სინამდვილესა და ოცნებას შორის?
ბავშვობიდან დაწყებული გზა ადამიანმა ისე უნდა გაიაროს, რომ უკან მოხედვის არ შეეშინდეს. ამ ცხოვრების ღელვა-ტორტმანში შენი ტვირთი ისე უნდა გაატარო, რომ არც ხელი და არც ფეხი არ დაისვარო. ცრემლი რომ ცრემლია, ერთი წვეთი ცრემლი თუ არ დაეცა შენს ცხედარს, ჩათვალე, უაზროდ გიცხოვრია.
  ყველას არ ეღირსება, თორემ ბედნიერებაა ილიასთვის ნასროლ ტყვიას შუბლი შეუშვირო, სამასი არაგველის საფლავში ჩაწვე, თევდორე მღვდელი შეცვალო, პაატას ხვედრი გაიზიარო.
დავით აღმაშენებლის მსგავსად მკერდზე ლოდი დაიდო და მრევლს შეჰღაღადო: ,, ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან წყალობა ჰყავით"
გალაკტიონივით თავი გაიმეტო, მაგრამ უკან მოხედვის არ შეგეშინდეს, რუსთაველივით საფლავი დაკარგო და მაინც ერის გულში დაიმარხო, ხატად იქცე.
სიცოცოხლის წერტილი უკანასკნელი საჩუქარია წუთისოფლისა. მანამდე კი წინააღმდეგობებით აღსავსე ლამაზი გზა თუ ვერ გავიარე, ამქვეყნად მოსვლას აზრი არ ექნება.
    ღმერთო, ნუ შემიმიკლებ ამ გზას, ნუ წამართმევ იმის საშუალებას, რომ ჩემი ოცნება განვახორციელო, რომ მთლიანად და ლამაზად დავიხარჯო წუთისოფელში.
     ვფიქრობ, ვაზროვნებ, ვოცნებობ, ვისწრაფვი მწვერვალებისკენ. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ყოველ ადამიანში არის თანდაყოლილი სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობებისა და მონაცემების მაქსიმალური გახსნისთვის, რაც უმაღლეს ადამიანურ მოთხოვნილებას წარმოადგენს.
მშვენიერია მიზანსწრაფული ადამიანი. მიზანი ხომ სიცოცხლეზე მეტია.
,,ადამიანები მოტივირებული არიან პირადი მიზნების ძიებისთვის და ეს მათ ცხოვრებას მნიშვნელოვანსა და გააზრებულს ხდის"-ამბობს მასლოუ.
    ჩემი უპირველესი პირადი მიზანია წარჩინებით დავამთავრო სკოლა, შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გავხდე ინგლისური ენის სპეციალისტი.
ვოცნებობ მოვხვდე ისეთ ზღაპრულ ქვეყანაში, როგორიცაა ა.შ.შ. მე ხომ ინგლისური ენის შესწავლაში დიდი დახმარება გამიწია კეთილი ნების ელჩმა ამერიკის შეერთბული შტატებიდან. craig filipowicz იყო ჩემი მასწავლებელი. მე მასთან ერთდ ვთანამშრომლობდი ერთი წლის განმავლობაში და ამ წელს ჩემი ბავშვობის საუკეთესო წელი ვუწოდე.
     სკოლის დამთავრებამდე კი ჩემი მიზანია ფეხდაფეხ მოვიარო საქართველოს ყოველი კუთხე. მისი ძირძველი მიწა-წყალი, რადგან ნამდვილ ქართველად არ მიმაჩნია ის ქართველი, რომელიც ჯერ თავის მამულს არ გასცნობია და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიიწევს.
   მინდა ვიყო თავისუფალი, გონიერი, განათლებული, სამართლიანი და მიზანსწრაფული ადამიანი. მე მუდამ მახსოვს ვაჟას სიტყვები: ,,რომელი ადამიანიც ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელ კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას...
   ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს. მთელი თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისთვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისთვის."
ბათაშვილსაც მოუსმინოთ: ,,არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს".
  მე მომავალი დედა ვარ და მამულს უნდა აღუზარდო ზნეფაქიზი და პატრიოტი შთამომავლობა. თუ ჩვენ და შემდეგ ჩვენმა დაზრდილმა მართვებმა არა, სხვამ ვინ უნდა მოუაროს ჩვენს ენას, მამულს, ზღვას, ვაზს?
განა მარტო მტერთან ბრძოლაა საპატიო და პატრიოტული საქმე?
ერი უნდა ამრავლო, მშობელი უნდა იყო ხვალინდელი დღისა და მაშინ ხარ გმირი.
   ჩემი მიზანიც ესაა, რომ ჩემი საქმით ჩემს ერს და მთელ კაცობრიობას ვემსახურო. შეურცხვენლად განვლო ჩემი ცხოვრების გზა, აღვასრულო ჩემი მისია და რადგან საზოგადოებას ვეკუთვნით, ჩვენ უნდა  ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს.", ეს არის ჩემი ,, დანიშნულება და საღმრთო ვალი."
ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი.
დიადი მიზანი დიდ ენეგიას ბადებსო,-უთქვამთ ბრძენთ და სავსებით მართალია. მეც მინდა ჩემი ენერგია მიზნის განხორციელებისთვის დავხარჯო.
,,თავის თავის პოვნისთვის“ კი აუცილებელია ნებისყოფა. ღრმად მაქვს გააზრებული რომ სწავლა შრომის ერთ-ერთი უმთავრესი სახეობაა, რომელსაც დიდი ნებისყოფა ესაჭიროება.
 ავტორი მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ხატია მოდებაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий