вторник, 14 марта 2023 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი სსიპ ღვანკითის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში, გამარჯვებული პროექტის ,, თოჯინები მოგვითხრობენ უფლებებზე" ფარგლებში, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებაში. ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე,პროექტის ხელმძღვანელი ელისო ჩიქოვანი) აქტივობა განხორციელდა „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International და რომელიც ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. გაკვეთილის თემა:ბავშვთა უფლებები და თანამედროვე ქართველი მწერლის ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობა ,,გიმნაზისტკა,, მიზანი:სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება,ბავშვთა უფლებების გააზრება და დაკავშირება ლიტერატურასთან,კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება, (საგანთა ინტეგრაცია და ცოდნის ტრანსფერი.) მოსწავლეებმა გაიხსენეს გაეროს მიერ მიღებული ბავშვთა უფლებების კონვენცია და საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონი,ბავშვთა უფლებების კოდექსი,რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამაც აიღო ბავშვთა დაცვის პასუხისმგებლობა. მეშვიდე კლასელებმა დაასახელეს ბავშვთა უფლებების კოდექსიდან ის მუხლები,რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი იყო მათთვის,უფლებებთან ერთად თავიანთი მოვალეობებიც გაიხსენეს და ფერადი ,, სტიკერებით,, ,რომლებზეც კოდექსის მუხლები და შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებები იყო მონიშნული, შეამკეს ,,სიცოცხლის ხე,, აღინიშნა,რომ ბავშვთა უფლებების დაცვა ყველას მისიაა და მათ შორის ბავშვებმაც არ უნდა დაარღვიონ სხვისი უფლებები. სლაიდზე ნაჩვენები ილუსტრაციის საფუძველზე მოსწავლეებმა გაიხსენეს არჩილ სულაკაურის მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლი,,,კიდევ ერთხელ გამოხატეს თანაგრძნობა პატარა ბიჭის მიმართ,რომელზეც ძალადობდნენ თანატოლები, ჩაგრავდნენ მას და არღვევდნენ მის უფლებებს. ყველა ერთხმად დაეთანხმა მოსაზრებას,რომელიც იყო ამონარიდი ლევან ბერძენიშვილის წერილიდან ,,წიგნიერების ევოლუცია,, : ,,ლიტერატურაზე საუბრისას გამუდმებით უნდა გახსოვდეს, რომ ის სიცოცხლის ფუნქციაა და ადამიანს მეტად შემწყნარებლად გახდომის შანსს აძლევს. ,, გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე ბავშვებმა იმსჯელეს იმის შესახებ,თუ რატომ წარუმძღვარა მწერალმა ანა კორძაიამ მოთხრობას ეპიგრაფად ფრაზა:,,როცა პატარა ხარ, სამყარო ძალიან პატარაა, პრობლემები კი - იმდენად დიდი, რომ ვერც კი ხედავ, როგორც წრუწუნა ვერ ხედავს მთას...,, მოსწავლეებმა გაიხსენეს და გააანალიზეს მოთხრობიდან ამონარიდები ,რომლებიც დააფიქრებენ მკითხველს და სხვა თვალით შეახედებენ ცხოვრებას. გაკვეთილზე პასუხები გაეცა დასმულ შეკითხვებზე: რის ჩვენებას ცდილობს მწერალი მოთხრობის დასაწყისში გადმოცემული სიზმრით? რა პრობლემების წინაშე დგას გოგონა ? რატომ ვერ ამტკიცებს გოგონა თავის სიმართლეს ? რატომ ვერაფერს ეუბნება მასწავლებელს? თქვენ როგორ მოიქცეოდით?გოგონას რომელი უფლებები ირღვევა მოთხრობაში? რა ატირებდა შურას?რატომ არ ეცოდება გოგონას მაწანწალა ბავშვები?ბავშვების რა უფლებები ირღვევა შანხაიში? როგორ გარემოში უნდა იზრდებოდეს ბავშვი? რას ფიქრობთ, გოგონას აზრით, მან რატომ უნდა ისწავლოს ზეპირად ბავშვის უფლებების კონვენცია? გოგონა მაინც გაურკვევლობაშია, რა ვერ გაიგო მან ? როგორ უნდა გადაჭრას პრობლემები? დაეხმარეთ მას.რა არის მოთხრობის თემა,იდეა?ბავშვთა უფლებების კოდექსიდან ,რომელი მუხლი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი? მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ მტკივნეულია მათთვის,როდესაც არ აქვთ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და ასევე ბუნდოვანია მათთვისაც ის, თუ რატომ არ ამოეღებათ ხმა ადამიანებს, რატომ ვერ ამბობენ სიმართლეს ,თუ ამის უფლება ოფიციალურად აქვთ მინიჭებული. მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცა თემისა და გაკვეთილის ტიპის შესაბამისი დავალება: მე-8 მუხლი: ბავშვის უფლებაა მოუსმინონ მე-18 მუხლი: ბავშვს აქვს უფლება მოითხოვოს ბალანსის დაცვა სწავლასა და თავისუფალ დროს შორის. შეარჩიე ის მუხლი,რომელიც შენთვის არის დასაფიქრებელი,გასათვალისწინებელი და დაუკავშირე ის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს. დაწერე მოთხრობა ,რომლის მთავარი სათქმელი იქნება შენ მიერ შერჩეული ბავშვის უფლება. გაკვეთილზე გამოყენებული იყო ვიდეორგოლი https://youtu.be/gOXEBfVJvvY მოსწავლეთა თვითშეფასების შემდეგ მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკის მიხედვით განმსაზღვრელი ქულით შეაფასა აქტიური მოსწავლეები და მისცა მათ შესაბამისი უკუკავშირი. მოსწავლეებმა თავად შეაჯამეს ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული :თინა სარდანაძე, ანი ჯანგიანი, რეზი ბუსკივაძე,ლუკა სარდანაძე, თიკა კოვზირიძე და სხვები. გაკვეთილზე გამოყენებული იყო მატერიალური და ელექტრონული რესურსები. გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილის გამგე ლუნა ჯიშიაშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელისო ჩიქოვანი,მშობელი ,სპეც მასწავლებელი დარეჯან სვანიძე, მოსწავლის ბებია, მათემატიკის მასწავლებელი დოდო შეყრილაძე, პირველი მასწავლებელი ნანა ტყემალაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები: ქეთევან დადუნაშვილი და მარინე ბუსკივაძე. მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий