ეფექტიანი სწავლება სამუზეუმო სივრცეში
თანამედროვე ეტაპზე ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული პრობლემური საკითხების დასმა, გაანალიზება, გარკვეული გეგმის დასახვა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მთავარია, პედაგოგმა სწავლების სხვადასხვა სტრატეგიას მიმართოს, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმას წარმართავს. დაგეგმილი სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის ვითვალისწინებთ, რომ კლასში გვყავს სხვადასხვა ტიპის მოსწავლე. მათ ახალი მასალის ათვისებისა და შემეცნების სხვადასხვა უნარი აქვთ. სწავლების მოდალობის ძირითადად სამი ტიპი არსებობს: ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური. მოსწავლეთა დიდ ნაწილს ვიზუალურად აღქმის უნარი აქვს. ამგვარ მოსწავლეებს სჭირდებათ სასწავლო მასალის „დანახვით სწავლება“, რომ იგი საინტერესო და გასაგები გახდეს. მასწავლებლები ხშირად იყენებენ ცხრილებს, ფოტოებს, სლაიდშოუს და სხვა მსგავსი ვიზუალიზაციის ხელშემწყობ საშუალებებს. მოსწავლეთა ნაწილს, რომელთაც სმენითი ათვისების უნარი აქვთ, სწავლა ჯდომის, მოსმენისა და ხმამაღლა კითხვის მეშვეობით ურჩევნიათ. ხოლო კინესთეტიკურ მოსწავლეს სჭირდება მოძრაობა და სასწავლო მოდელები, რომლებსაც იგი ხელში დაიჭერს, ან შეეხება [მანანა ბოჭორიშვილი. გვ.1-4.]. სამივე ტიპის მოსწავლეთათვის ძლიერ მიმზიდველი და ეფექტური გარემოა სამუზეუმო სივრცე.
მოსწავლე ახალ მასალას სწავლობს კითხვით, მოსმენით, დაკვირვებით, მსჯელობითა და კეთებით. სწავლის პროცესი ახალი ინფორმაციის ათვისებას, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შეძენას გულისხმობს. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლე ახალ მასალას ეტაპობრივად ითვისებს. მეცნიერთა კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანი ახალ ინფორმაციას განსხვავებულად შეიმეცნებს: წაკითხულის – 10%, მოსმენილის – 20%, ნანახის – 30%; ხედავს ვიზუალურ მასალას (ფილმს, სტენდს, თვალსაჩინოებას) და ამავე დროს ისმენს ახსნა-განმარტებას – 50%; თუ თვითონ საუბრობს ან მსჯელობს მასზე, რაც მოისმინა და წაიკითხა (დისკუსია, პრეზენტაცია) -70%; ასრულებს ლაბორატორიულ სამუშაოს, სავარჯიშოებს, მიმართავს სიმულაციასა და როლურ თამაშებს, ახალ ინფორმაციას უკავშირებს პირად გამოცდილებას – 90% [Museum. Ge გვ. 2-3]..
მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა და მოსწავლეთა ჩართულობისათვის. საგამოფენო სივრცეში შეგიძლია დაათვალიერო ახალი ექსპოზიცია, ნახო ფილმი, ინტერაქტიული მონიტორები, სტენდები, ხელით შეეხო ასლებსა და მულაჟებს, ეს არის კომფორტული, სასიამოვნო და უჩვეულო გარემო. „მუზეუმმა საგანმანათლებლო ფუნქცია მსოფლიო სივრცეში 1951 წლის იუნესკოს სემინარზე მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: „დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუალური გამოსახულებებით… მუზეუმი განათლების მიღების უმთავრესი წყარო ხდება. მხოლოდ თავისი არსითაც კი – ხელოვნების ნიმუშების შენახვითა და გამოფენით – მუზეუმი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ამ სიტყვის საუკეთესო და ყველაზე ფართო გაგებით“. დღეს, როდესაც სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ფაქტების მშრალ ცოდნასა და გაზეპირებაზე, არამედ შემოქმედებითი უნარის განვითარებაზე, კიდევ უფრო იზრდება მუზეუმის როლი ჩვენს ყოფიერებაში. სწავლა თამაშით, შემეცნება შეხებითა და შექმნით – ეს და სხვა თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდები მუზეუმს უფრო სახიერსა და მიმზიდველს ხდის [თამარ კიკნაძე. გვ. გვ. 30.31].
საექსპოზიციო დარბაზები, სარესტავრაციო სახელოსნოები ცოცხალ და ეფექტურ საგანმანათლებლო რესურსად შეიძლება გამოვიყენოთ. მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებით სკოლების, პედაგოგებისა და მშობლების დაინტერესება, ერთ-ერთი პრიორიტეტია მსოფლიოში. მრავალი მუზეუმი თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, სკოლებთან და კოლეჯებთან. მაგალითად, ნიუ-იორკის ჯონსონის მუზეუმი ემსახურება კოლეჯებს, აქვს ძლიერი საგანმანათლებლო ცენტრი. პედაგოგს ფართო სპექტრით შეუძლია შეიმუშაოს სხვადასხვა პროგრამა: ისტორია – არქეოლოგია, ეთნოგრაფია; ხელოვნება – არქიტექტურა, ქანდაკება, ფერწერა; სამოქალაქო სწავლება – კანონმდებლობა, მოქალაქეობრივი მოვალეობა; ტექსტილი – სამოსის დიზაინი. უცხო ენის პედაგოგს აქვს საშუალება გამოიყენოს ნებისმიერი ექსპოზიცია გაკვეთილის ჩასატარებლად [Herbert F. გვ. 34]. ამ პრაქტიკას იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმი.
მასწავლებლები ცდილობენ, სასწავლო პროგრამები გაამდიდრონ ნოვატორული იდეებით. სამუზეუმო სივრცეში განთავსებული არტეფაქტები გამოიყენონ საგნობრივი სპეციფიკისათვის, შექმნან ახალი პროექტები. XX საუკუნის 80-იან წლებში ბერლინში პერგამონის მუზეუმში პირველად ვნახე მუზეუმში ჩატარებული ხელოვნების გაკვეთილი. მოსწავლეები უშუალოდ სამუზეუმო შედევრების ასლებთან ისხდნენ და მუშაობდნენ. ეს საბჭოთა სტუდენტისათვის აღმოჩენა იყო. მუზეუმებში სტანდარტული ექსკურსიები, გიდის მონოტონური საუბარი, ერთი თვალის შევლება ექსპონატისთვის, დღევანდელ მოსწავლეში, არ ბადებს მისთვის საინტერესო გარემოს, რადგან მასობრივი საშუალებები, ინტერნეტგვერდები უფრო ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მათ მიერ ექსპოზიციაში ხილული ნაწარმოები დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა. ხშირად მოსწავლეები ამბობენ ჩვენ ამ მუზეუმში უკვე ვიყავით, ხოლო როდესაც ჩაეკითხები, თუ რა ნახეს, პასუხი პასიური და ბუნდოვანია. ეს არის საბჭოთა პერიოდის დროებითი გასეირნება მუზეუმში. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოურ სივრცეში გაგრძელდა მსგავსი ვიზიტები, თუმცა დღესდღეობით მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და მიიღო ის სახე, რომელიც აპრობირებულია დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებში, სადაც სამუზეუმო სასწავლო პროგრამები ფართო სპექტრით თავისუფალ არჩევანს აძლევს სტუდენტებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ეს მეთოდი საქართველოშიც წარმატებით იკიდებს ფეხს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი გვთავაზობს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს: „ყორღანების საიდუმლო“, „ოქრომრავალი კოლხეთი“, „სამკაულის ხელოვნება“, „აღმოაჩინე პოეზია მხატვრობაში“, „უძველესი ადამიანი და მისის იარაღები“, „ვისწავლოთ უცხო ენა მუზეუმში“ [თამარ კიკნაძე გვ.30-31].
სამუზეუმო სწავლების მეთოდი საშუალებას იძლევა მოსწავლე ერთი ვიზიტით არ შემოიფარგლოს, ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამაში. ეს გაცილებით შედეგიანია, როგორც მოზარდისთვის და ასევე მშობლის მოტივაციისათვის. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში სასწავლო მოდულების ჯგუფების ხელმძღვანელები ამზადებენ ახალ თემაზე დაფუძნებულ პროგრამებს, რომელიც გამდიდრებულია სახალისო შემეცნებითი დეტალებით.
ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმის თანამშრომლები განხორციელებული სასწავლო პროგრამების მიხედვით განსაზღვრავენ მოსწავლეთა მიღებული ცოდნის ხარისხსა და რაოდენობას. ნიუ-იორკის ჯონსონის მუზეუმის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 1996-97 წლებში ჯონსონის ხელოვნების მუზეუმის პროგრამულ სწავლებაში ჩართული იყო 6400 მოზარდი 57 სკოლიდან [Herbert F. გვ.36-37].
სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა მუზეუმი, როგორც რესურსი სასწავლო პროგრამისთვის, შეიძლება ეფექტურად გამოიყენონ. ამისათვის საჭიროა თანამშრომლობითი ურთიერთობა მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრთან.
- თავდაპირველად გაკვეთილი ან პროექტი შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ თქვენც და მოსწავლეებს. იმისათვის, რომ სასწავლო პროგრამაში სამუზეუმო ექსპოზიცია ჩართოთ, წინასწარ შეიძლება ინტერნეტ საიტზე ნახოთ, რა სიახლეებს – გამოფენებს გვთავაზობს მუზეუმები თუ გალერეა. გაეცანით მუზეუმის თანამშრომლების მიერ შედგენილ სასწავლო პროგრამებს და მიუსადაგეთ თქვენს კონკრეტულ თემას.
- დეტალურად დაწერეთ გაკვეთილის გეგმა და განსაზღვრეთ სამუშაო დრო.
- საჭიროა მოსწავლეებისა და მშობლების დაინტერესება სამუზეუმო სწავლების მეთოდოლოგიის უპირატესობაში. შეადგინეთ ბუკლეტი, რომელშიც განსაზღვრავთ მიზანსა და შედეგს.
- მუზეუმის სივრცის გათავისებაში საწყის ეტაპზე განახორციელეთ სხვადასხვა პროექტი, მათ შორის Intel-ის პროგრამა. დაგეგმილი პროექტით მიდიხართ მუზეუმში. მოსწავლეები შეარაღებული არიან საწერი და სახატავი მასალით, ფოტოაპარატით. დაიცავით სამუზეუმო შინაგანაწესი. ექსპონატის ფოტოგადაღებისას არ შეიძლება ცხელი ნათება, რომელიც მხატვრული ნიმუშის დაზიანებას გამოიწვევს.
- საგაკვეთილო ან პროექტის გეგმის განხორციელებისას მოსწავლეები ეცნობიან კონკრეტულ ექსპოზიციას, რომელიც თემატურია თქვენს პროგრამასთან მიმართებით. დანარჩენი სამუზეუმო სივრცე ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, რადგან სხვა დარბაზები მომავალი გაკვეთილისა თუ პროექტისათვის გამოგადგებათ. სამუშაო დროსაც ეფექტურად გამოიყენებთ და არ დაიკარგება მოსწავლეთა შემეცნების ხარისხი.
- თქვენი გაკვეთილისა თუ პროექტის თემის მიზანი შეთანხმებული უნდა იყოს მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრთან, რომელსაც შეგიძლიათ გააცნოთ თემა. მუზეუმის თანამშრომლები გაგიწევენ კონსულტაციას, როგორ შეიძლება დაგეგმოთ გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლეთა აქტიურობა იყოს შემოქმედებითი, მრავალფეროვანი და ესგ-ზე მორგებული. მსგავსი ურთიერთთანამშრომლობით კონტაქტი დამყარდება სკოლასა და მუზეუმს შორის.
- სასწავლო პროგრამა ისე გაანაწილეთ, რომ შეიცავდეს სახალისო შემეცნებით დეტალებს, როლურ თამაშებს.
- თანამედროვე მუზეუმს დიდი როლი აკისრია ინკლუზიურ განათლებასა და მარგინალურ ინტეგრაციაში. სწავლა შედეგიანია, თუ პროცესი ინტერაქტიულია. საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აქვს დანერგილი პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეთათვის.
- სამუზეუმო სივრცე შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეთა კონფერენციის ჩასატარებლად.
ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ინიციატივასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. შედეგს მალე დაინახავთ. VI კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნების საგანში მოვამზადეთ პროექტი „ეგვიპტის ხელოვნება“. წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოსწავლეების ერთ-ერთი სამუშაო დავალება იყო ვიზიტი სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის აღმოსავლეთის ხელოვნების ექსპოზიციაში. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გამოვიყენეთ გონებრივი იერიში, ვენის დიაგრამა. მოსწავლეებმა აღწერეს ხელოვნების ნიმუშები, ამოიცნეს სხვადასხვა ქანდაკება და ისაუბრეს მათ დანიშნულებასა და ხასიათზე. გადაიღეს ფოტოები პრეზენტაციისათვის, ჩაინიშნეს მნიშვნელოვანი დეტალები. ხელოვნების ისტორიის ასეთი სწავლების მეთოდი გაცილებით დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია, ვიდრე საკლასო ოთახში პედაგოგის მონათხრობი.
საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი მუზეუმია. მიუსადაგეთ სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა თქვენს ქალაქში, რეგიონსა თუ მხარეში არსებული მუზეუმების შესაძლებლობები. სამუზეუმო სივრცის გამოყენება შეუძლია როგორც ჰუმანიტარულ, ასევე საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს. საილუსტრაციოდ მოგვყავს რამდენიმე კონკრეტული მაგალითი.
ისტორიის საგნის პედაგოგებმა არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით შეგიძლიათ შეარჩიოთ განსხვავებული თემები. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების შესწავლისას გამოიყენეთ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რეგიონებში – მხარეთმცოდნეობის მუზეუმები მოსწავლეს შეუძლია აღწეროს, გაანალიზოს, ეთნოგრაფიის თვალსაზრისით განასხვავოს საქართველოს მხარეები ერთმანეთისაგან. დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები საშუალებას მისცემს მოზარდებს, შეადარონ არქაული და წინაქრისტიანული პერიოდის (ქვის ხანის, სპილენ-ქვის ხანის და ბრინჯაოს ხანის) ნამუშევრები.
საბჭოთა ეპოქის ისტორიის შესწავლისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ოკუპაციის მუზეუმს, სადაც დაუნჯებულია საინტერესო მასალა საქართველოში არსებული საბჭოთა რეჟიმის შესახებ. დოკუმენტური აუდიო-ვიდეო, ფოტო მასალა სრულყოფილად ასახავს ისტორიულ ფაქტებს. ოკუპაციის მუზეუმს აქვს თემატური პროგრამები: „უღმერთოთა სახელმწიფო“, „დაკარგული თაობა“, „შეფიცულები“ და სხვა. ზუგდიდის დადიანების სასახლე სასურველი სივრცეა ნაპოლეონის ომების ისტორიის საკითხების განსახილველად. მოსწავლეს შეუძლია შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები.
მუსიკის გაკვეთილი ჩაატარეთ თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში, სადაც უშუალოდ გაეცნობიან მუსიკალური ინსტრუმენტების ხმოვანებას და თვითონვე შეძლებენ ამ ინსტრუმენტებზე დაკვრას. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს და დააჯგუფოს მუსიკალური საკრავები.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების პროგრამული დაგეგმვა, კონფერენციები, პროექტები განხორცილებადია ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმებში, სადაც მოსწავლე არა პასიური მსმენელის როლში, არამედ პირიქით, საგაკვეთილო აქტივობებით იქნება დატვირთული. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია რაფიელ ერისთავის ცნობილი ნაწარმოების „გაყრის“, ხელნაწერი, პირველი სპექტაკლის აფიშა და სამსახიობო დასის ფოტოები. პედაგოგს შეუძლია გააღვივოს ინტერესი ლიტერატურული ნაწარმოების მიმართ, სადაც ავტორმა სარკაზმულად წარმოაჩინა თავად-აზნაურთა დეგრადაცია.
სამუზეუმო სივრცე ეფექტურია უცხო ენების პედაგოგებისთვისაც. გოეთეს ინსტიტუტმა და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შეიმუშავა ერთობლივი პროგრამა „ვისწავლოთ გერმნული ენა მუზეუმში“. შედგა გასვლითი გაკვეთილების ჩატარების დეტალური გეგმა, ინსტრუქციები. პედაგოგს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს ექსპოზიცია, საგამოფენო დარბაზები, ჩაატაროს გაკვეთილი, რომლის მიზანია ლექსიკის გამდიდრება და ანალიტიკური ანალიზი [მიხეილ წერეთელი, ნინო ბაქანიძე. გვ.80-82].
ბიოლოგიის პედაგოგს პრეისტორიული პერიოდის შესახებ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შესანიშნავი რესურსი აქვს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 2013 წელს შედგენილი სასწავლო პროგრამა „პრეისტორიული თამაშები“ განხორციელდა. მასში მონაწილეობა არაერთმა მოსწავლემ მიიღო. ეროვნული მუზეუმის პრეისტორიული ხანის ანთროპოლოგიური ექსპოზიცია წარმოადგენს ევოლუციის კონცეფციას ორგანულ სამყაროში, მის მრავალფეროვნებას, ანთროპოლოგიურ აღმოჩენებსა (მაგ.ზეზვა, მზია, ლუსი) და მათ მნიშვნელობას. პრეისტორიული თემის შესწავლისას ასევე დაგეხმარებათ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის პრეისტორიული ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორია, რომელიც საგანმანათლებლო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მუზეუმის ისტორიულ გარემოში გაკვეთილის ჩატარება რეალობის აღქმის უნარს აძლიერებს. უშუალო კონტაქტი ხელოვნების ნიმუშთან ქმნის კიდევ უფრო დიდ ეფექტს და აღძრავს სწავლის მოტივაციას, სიღრმისეულ გაგებას, შემეცნებას, ანალიზსა და ტრანსფერს. ასეთი მუშაობის პრინციპმა დაგვანახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. მსგავსი პროექტისა თუ გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა შემომთავაზეს განმეორებითი ვიზიტი და გაისმა ფრაზა: „როგორ ველოდი ამ გაკვეთილს“. პედაგოგისათვის ეს არის დიდი ჯილდო, როდესაც ინიციატივა მოდის არა მასწავლებლისაგან, არამედ მოსწავლისაგან. მათი ჩართულობა ხდება სასურველი და კოგნიტური. მოსწავლეებში ვითარდება შემოქმედებითი აქტივობა და შემეცნებითი უნარი-ჩვევები.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მანანა ბოჭორიშვილი – „დიფერენციაციის თეორიის რამდენიმე ასპექტი“. 16. 05. 2014წ.
- მუზეუმი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) 2009 წ. Museum. Ge
- თამარ კინაძე – „მუზეუმი როგორც უწყვეტი განათლების წყარო“ მუზეუმი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) 2012 წ.
- Herbert F. Jonson Muzeum of Art. Annual report 1996-1997.
- მიხეილ წერეთელი, ნინო ბაქანიძე – „იდეალური ადგილი სწავლებისათვის“- მუზეუმი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) 2014წ. # 3.
- Museum.ge
- http://www.smb.museum/museen-und-einrichtungen/pergamonmuseum/home.html
Комментариев нет:
Отправить комментарий