როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს წერის უნარ-ჩვევები
როგორც ვიცით, კომუნიკაცია
ადამიანებს შორის ხდება არა მარტო ზეპირმეტყველების,
არამედ წერის საშუალებითაც,
ამიტომ წერითი მეტყველების დაუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან წერის უნარ-ჩვევების განვითარება ზეპირმეტყველებისა და კითხვის უნარების განვითარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია, სწავლების საფეხურების მიხედვით მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების შექმნა. მიუხედავად ზემოთქმულისა, კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლეებს
უჭირთ წერა. ხშირად გაიგონებთ საყვედურებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მიმართ.
§ საინტერესოა, რატომ უჭირთ ბავშვებს წერა და სწავლების რომელ საფეხურზე იჩენს განსაკუთრებით თავს ეს პრობლემა?
ვიდრე კითხვას ვუპასუხებდეთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საკითხი ბევრს აწუხებს, იწერება წერილები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ავტორები თემას ზოგადად მომოიხილავენ, მასწავლებელს კი სჭირდება რჩევა, რომელიც კონკრეტულ კლასში სწავლებისას გამოადგება. სწორედ კონკრეტულ კლასში ამ პრობლემის მოსაგვარებელი ნაბიჯების კოლეგებისთვის გაცნობაა ჩემი მიზანი.
დავუბრუნდეთ ზემოთ დასმულ კითხვას. ჩემი აზრით, ამ პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. ის მაშინ იჩენს თავს, როცა მასწავლებელი მუშაობის დროს:
§ არ ითვალისწინებს საგნის სტანდარტს;
§ ასაკობრივ თავისებურებებს;
§ სწორად ვერ არჩევს მეთოდებსა და აქტივობებს;
§ შეფასების ფორმებს.
უნდა ითქვას, რომ მასწავლებელი პრობლემებს აწყდება არა მეშვიდე კლასში, არამედ ეს პრობლემები ყველაზე თვალსაჩინო სწორედ 12-13 წლის ასაკშია, რადგან კოგნიტური, ემოციური, ფიზიოლოგიური და მორალური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ასაკია.
რატომ
უნდა
გავითვალისწინოთ საგნის
სტანდარტი?
ყოველი კლასის საგნის სტანდარტი შედგენილია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. სახელმძღვანელოებში შეტანილი დავალებებიც სტანდარტის შესაბამისია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მასწავლებელი იწუნებს დავალებებს. დავალების შეცვლა დანაშაული არ არის, თუ მასწავლებელი არ არღვევს სტანდარტის მოთხოვნებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მასწავლებლები
სახელმძღვანელოში შეტანილ დავალებებსაც უგულებელყოფენ და სტანდარტის მოთხოვნებსაც არ პასუხობენ. თუ მეხუთეკლასელ მოსწავლეს დავავალებთ რეზიუმეს ან პუბლიცისტური
წერილის დაწერას, ცხადია, ის ამას ვერ შეძლებს, ისევე, როგორც სასაცილო იქნება დავავალოთ მეათეკლასელ მოსწავლეს შინაარსის დაწერა. ამბობენ, ,,საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ნიშანიაო’’. მასწავლებლის ამბიციურობამ შეიძლება დაღუპოს ბავშვი.
როგორც ითქვა, მასწავლებელი
წერის უნარ-ჩვევების განვითარებისას სიძნელეებს აწყდება მეშვიდე კლასში. საშუალო საფეხურის ამ კლასის სტანდარტით გათვალისწინებული წერითი დავალებები სირთულითა და მრავალფეროვნებით
განსხვავდება წინა წლების სტანდარტით გათვალისწინებული წერითი დავალებებისგან. მხოლოდ ეს არ წარმოადგენს პრობლემას.
რატომ უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურებები?
მასწავლებელი მეორე სიძნელის წინაშეც დგება – მას
უწევს ურთიერთობა იმ მოსწავლეებთან,
რომელთა ხასიათიც საგრძნობლად შეცვლილია. ახლა მათ სწავლაზე მეტად სხვა რამ აინტერესებთ. ამ ასაკის მოსწავლე, პიაჟეს მიხედვით, ფორმალუროპერაციულ სტადიას მიეკუთვნება. მართალია, ამ სტადიაზე ბავშვი გონებრივად მეტად განვითარებულია
და, ერთი შეხედვით, მასწავლებელს არ უნდა უჭირდეს მასთან მუშაობა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება,
რომ გონებრივ განვითარებასთან ერთად იცვლება ბავშვის ფსიქიკაც. მოზარდებში თავს იჩენს ახალი ფორმის ეგოცენტრიზმი, რომელიც ხასიათდება საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებით, სურვილით, რომ თვალში საცემნი იყვნენ; რწმენით, რომ სხვები ისევე დაინტერესებულნი არიან მათით, როგორც თვითონ. მეშვიდე კლასის მოსწავლისათვის უკვე მნიშვნელოვანია
სოციალური სტატუსი, თანატოლების მოწონება, დამოკიდებულებები, დიდ დროს უთმობენ მეგობრობას. ასე რომ, სწავლა მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება. ცხადია, თუ ბავშვი დავალებას არ შეასრულებს, აგრესიით, დასჯით, მუქარით მასწავლებელი ვერაფერს გახდება, რადგან ასეთ შემთხვევაში
მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა დაემსგავსება ბრძოლის ველს, სადაც დამარცხებული ყოველთვის მასწავლებელი იქნება. უმჯობესია, მასწავლებელი იყოს ლოიალური, წაახალისოს მოსწავლეები, შეაქოს, განუმარტოს შეცდომები, ამუშაოს კლასში, ისეთი აქტივობები შეიტანოს, რომ მაქსიმალურად
ჩართოს ყველა მოსწავლე. ამგვარი მიდგომით მასწავლებელი გაუადვილებს მოსწავლეებს ნებისმიერი ტიპის წერითი დავალების შესრულებას.
რა მნიშვნელობა აქვს მეთოდოლოგიის სწორად შერჩევას?
სწორად შერჩეული მეთოდის გარეშე მასწავლებლის ყველა მცდელობა ფუჭია. სწორად შერჩეულ მეთოდად მიმაჩნია დაკვირვების გზით დასწავლა, რაც გულისხმობს წერის მაგალითის ქონას. რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს მეთოდი? მეშვიდეკლასელი მოსწავლისთვის, რომელსაც არა აქვს გამოცდილება მხატვრული თუ არამხატვრული
ტექსტის დაწერისა, უმნიშვნელოვანესია იმ ტიპის თხზულებაზე დაკვირვება, რომლის მსგავსის შექმნაც მას ევალება. ამ მეთოდის გამოყენება არ არის იოლი. ყოველი ტექსტი თავისებურია და აქტივობები მეტი სიფრთხილითა და დაკვირვებით
უნდა შევარჩიოთ. მუშაობის დროს უნდა გამოვიყენოთ კოგნიტური სქემები, რაც გაუადვილებს
მათ ტექსტის სტრუქტურის გაგებას, მაგალითად: მოსწავლეს ევალება დაწეროს იგავ-არაკი. თეორიულად ახსნა იმისა, თუ რა არის იგავ-არაკი, ცარიელ სიტყვებად რჩება მანამ, ვიდრე მოსწავლეებს არ წავაკითხებთ
ამ ჟანრის ნაწარმოებს, არ მივაქცევინებთ
ყურადღებას მის მახასიათებლებს,
არ დავავალებთ დამოუკიდებლად შეავსონ ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება იგავ-არაკის მახასიათებლები. ამ ნაბიჯების გადადგმა კი საუკეთესო შედეგს იძლევა.
წარმოგიდგენთ თვალსაჩინოებას:
როგორ ვასწავლოთ იგავ-არაკის დაწერა?
|
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
–
რა არის იგავ-არაკი?
|
,,გონებრივი იერიში’’
|
–
იგავ-არაკის მახასიათებლების გაცნობა
|
მინილექცია
|
–
იგავ-არაკის წაკითხვა
და კოგნიტური სქემის
შევსება
|
ჯგუფური მუშაობა
|
–
შეფასება
|
თვითშეფასება
|
კოგნიტური
სქემა
იგავ-არაკი
|
პერსონაჟები
|
სიუჟეტი
|
ფაბულა
|
მხილებულია
|
მორალი
|
ცხადია, ამჯერად ყველა ტექსტის დაწერის სწავლების ანალიზი შორს წაგვიყვანს, მაგრამ პრობლემის აქტუალობის საჩვენებლად მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი.
მსჯელობის ტიპის ტექსტის დაწერა უფრო რთულია ამ ასაკის მოსწავლეებისთვის, ვიდრე სხვა ტიპის ტექსტებისა, რადგან თეზისი – არგუმენტი-დასკვნა მათთვის უცხო ცნებებია. მსჯელობის ტიპის ტექსტის შესწავლამდე უმჯობესია, მოსწავლეებს დავუსვათ შეკითხვა რაიმე მათთვის ნაცნობ პრობლემურ საკითხზე, ეთანხმებიან თუ არა გამოთქმულ თვალსაზრისს. გამოვიყენოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სქემა. ავუხსნათ, რომ „კი“ ან „არა“ ვერ ჩაითვლება დამაჯერებელ პასუხად. საჭიროა დადასტურება, რატომ ეთანხმებიან
ან არ ეთანხმებიან
ამ შეხედულებას. დაფაზე დაიწერება მათ მიერ მოფიქრებული მტკიცებულებები შესაბამის გრაფებში. სიტყვების – თეზისი, არგუმენტი, დასკვნა – მნიშვნელობა ამ აქტივობის გამოყენებით ნათელი უნდა გავხადოთ მათთვის: ფაქტი – დებულება, არგუმენტი – მტკიცებულება, დასკვნა – შეჯამება. ამ ცნებების მნიშვნელობა ჯერ უნდა ავუხსნათ, ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი შევავსებინოთ
სქემა.
წარმოგიდგენთ თვალსაჩინოებას:
როგორ ვასწავლოთ
მსჯელობის ტიპის ტექსტის დაწერა?
|
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
შეკითხვის დასმა
|
T
სქემის შევსება
|
მსჯელობის ტიპის ტექსტის მახასიათებლების გაცნობა
|
მინილექცია
|
მსჯელობის ტიპის ტექსტის წაკითხვა და
სქემის შევსება
|
ჯგუფური მუშაობა
|
შეფასება
|
ურთიერთშეფასება
|
კოგნიტური
სქემა
თეზისი
|
არგუმენტი
|
დასკვნა
|
წერითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეფასების პროცესის უწყვეტობა. სასურველია, შეფასების კრიტერიუმები მასწავლებელმა შეადგინოს მოსწავლეებთან ერთად, რათა თითოეული კრიტერიუმის დანიშნულება ბავშვმა კარგად გაიაზროს. უმჯობესია, გამოვიყენოთ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების
სქემები. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, კრიტერიუმებს განსაზღვრავს აუდიტორია, მიზანი და ფორმატი. მოთხრობა, ესეი, წერილი… ერთმანეთისაგან განსხვავდება, შესაბამისად, განსხვავებული უნდა იყოს კრიტერიუმებიც.
ნაბიჯები, რომლებიც მე გადავდგი მოსწავლეთა წერის უნარ-ჩვევების განსავითარებლად, მაძლევს საუკეთესო შედეგს. წერს ყველა, აკადემიური მოსწრების მიუხედავად. ხდება ისე, რომ ზოგიერთი მოსწავლე, რომელთაც ნაკლებად ჰქონდათ წერის სურვილი, თხზავს საუკეთესო ტექსტს. ეს სასიამოვნო მოულოდნელობა სიხარულს მანიჭებს მეც, კლასსაც და ტექსტის ავტორსაც. მუშაობა ბავშვებისთვის ნიშნავს ფანტაზიის უნარის განვითარებას, საკუთარ თავში აღმოჩენას შემოქმედებითი უნარისა. ისინი ამ დროს იმასვე განიცდიან, რასაც ჭეშმარიტი მწერლები. სიტყვასთან შეჭიდება და გამარჯვება დაარწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებში. ერთიც უნდა ითქვას: ისინი აღარ ზარმაცობენ, მშობელი არ თვლის საჭიროდ დაეხმაროს ან, უკიდურეს შემთხვევაში, თვითონ დაუწეროს დავალება. თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების
გამოყენებით მოსწავლე ხედავს თავის შეცდომებს, იაზრებს. თანაკლასელის თუ მასწავლებლის
მეგობრული რჩევა კი არ აღიზიანებს, არამედ სურვილს უჩენს, მომდევნო ტექსტის დაწერისას გაითვალისწინოს შეცდომები. მას უნდა წარმოჩინდეს თანატოლთა წინაშე როგორც ავტორი და დაიმსახუროს
მოწონება. ეს ეხება არა ერთეულებს, არამედ ჯგუფში ყველას. კლასში იქმნება საქმიანი და მეგობრული ატმოსფერო.
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი მივმართოთ მომავლისაკენ, მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ
ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ რთული ცხოვრებისეული საკითხების მოგვარებაში. წერის უნარ-ჩვევების განვითარება მასწავლებლის მიერ ხვალინდელ დღეზე ფიქრისა და ზრუნვის გამოხატულებაა. კომუნიკაციის ამ უმთავრესი საშუალების გარეშე გაუჭირდება ადამიანს ცხოვრების გზის გაკვალვა. თავისი ნაფიქრისა და ნააზრევის ორიგინალურად და საინტერესოდ
ჩამოყალიბება წერილობით ხშირად გამხდარა ადამიანებისთვის ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარი. მოსწავლისთვის წერის უნარ-ჩვევების განვითარება არ არის იოლი. დიდი ძალისხმევაა
საჭირო მიზნის მისაღწევად, მაგრამ საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმის უფლება არცერთ ჩვენგანს არა აქვს. საქმის სიყვარული რაც შეიძლება მეტ ალტერნატივას უნდა გვაძებნინებდეს,
მათგან კი უნდა ვირჩევდეთ ჩვენთვის სასურველს. გვახსოვდეს, სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა მოსწავლეს სასიკეთოდ წაადგება ერთფეროვან, ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოყენებული ლიტერატურა:
1. მაია ინასარიძე, მაია ნაჭყებია, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები, გამომცემლობა ,,საიმედო’’, 2006 წელი
2. რუსუდან ტყემალაძე, ნანა დალაქიშვილი,
ქეთევან თოფაძე, თათია პაჭკორია, თამარ ბუწაშვილი, სწავლება და შეფასება, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე’’, 2008 წელი
3. სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის,
2004 წელი
ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი, ქართული ენა და ლიტერატურა, VII კლასი, გამომცემლობა 4,,სწავლანი’’,2012
წელი
მადონა ფარეხელაშვილი