вторник, 31 января 2017 г.

დეფისის ხმარების წესი
დეფისი იწერება და კავშირის ნაცვლად მაშინ, როდესაც ორი განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სიტყვა უნდა გავაერთიანოთ, ანუ მნიშვნელობის მხრივ ერთმანეთთან დაკავშირებული ფუძეების გაერთიანებით მიღებული კომპოზიტები იწერება დეფისით!
ასეთებია:
დედ-მამა, ცოლ-ქმარი, და-ძმა, რაჭა-ლეჩხუმი და ა.შ.
დეფისი ასევე იწერება:
სინონიმური მნიშვნელობის რთულ სახელებთან:
სიცილ-კისკისი, სიცილ-ხარხარი, ბედ-იღბალი, ძალ-ღონე…
ანტონიმური მნიშვნელობის რთულ სახელებთან:
დიდ-პატარა, სიკვდილ-სიცოცხლე, აღმა-დაღმა…
რიცხვითი სახელების გაორკეცებით მიღებულ კომპოზიტებთან:
სამ-სამი, ოთხ-ოთხი, ას-ასი…
ფუძეგაორკეცებულ კომპოზიტებთან:
ცხელ-ცხელი, ყვითელ-ყვითელი, ფერად-ფერადი,,,
სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებულ  ბრუნვის ნიშნის უქონელ ზმნიზედებთან:
ტყე-ტყე, შუკა-შუკა, მინდორ-მინდორ, ქუჩა-ქუჩა…
ერთი და იმავე ფუძის მქონე, მაგრამ ზმნისწინით განსხვავებულ რთულ ზმნებთან:
აიარ-ჩაიარა, მიიხედ-მოიხედა, გადახედ-გადმოხედა…
სხვადასხვა ფუძის მქონე გაერთიანებულ ზმნებთან:
გააცივ-გააცხელა, გაათეთრ-გააშავა…
დეფისი აუცილებელია სიტყვებში, რომლებიც შედგენილია შერწყმული დანართის მეშვეობით და რომელთა პირველი წევრი ფუძის სახითაა წარმოდგენილი:
წევრ-კორესპონდენტი, ექიმ-დერმატოლოგი, ინჟინერ-მშენებელი, პრემიერ-მინისტრი, სახლ-მუზეუმი, მეცნიერ-თანამშრომელი…
დეფისით იწერება ასევე უცხოური ვიცე და ქართული ვაი პრეფიქსით დაწყებული კომპოზიტები:
ვიცე-მერი, ვაი-მეცნიერი, ვიცე-პრეზიდენტი, ვაი-კრიტიკოსი…
საგანგებოდ უნდა დავიხსომოთ, რომ თუ ორმნიშვნელობიან კომპოზიტს სიტყვის საწარმოებელი  ბოლოსართი ან თავსართ-ბოლოსართი დაერთვის, მაშინ დეფისი საჭირო აღარ არის, რადგან სიტყვა ერთცნებიანი ხდება:
ცოლ-შვილი, მაგრამ ცოლშვილიანი;
და-ძმა, მაგრამ დაძმური;

დედ-მამა, მაგრამ დედმამიანი ან უდედმამო.
გეოგრაფიული სახელების მართლწერა
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
ტროას(ნათ. ბრ.), ჯორჯიას ( ნათ.ბრ.), სასომხეთი, მოლდოვა, ყაზახსტანი, დასავლეთ საქართველო, ნიუ იორკი…
წესი N 1:    გეოგრაფიული სახელები ისევე იბრუნებიან, როგორც შესაბამისი ფუძის საზოგადო არსებითი სახელები.  ეს ნიშნავს, რომ -სა და -ზე დაბოლოებული სახელები კვეცადია და მათ ფუძე  ეკვეცებათ ორ ბრუნვაში – ნათესაობითსა და მოქმედებითში. შესაბამისად, სწორი იქნება – ტროა – ტროის, ჯორჯია – ჯორჯიის, აჭარა-აჭარის, საჩხერე-საჩხერის და ა.შ.
შენიშვნა: გამონაკლისია ადამიანის სახელებისაგან მიღებული გეოგრაფიული სახელები: ვიქტორიას კუნძულები, მარიანას კუნძულები…
წესი N 2: სწორია ქვეყანათა სახელების –ეთ სუფიქსით დაბოლოებული და ლიტერატურული ტრადიციით განმტკიცებული ფორმები. შესაბამისად, უნდა ვთქვათ და დავწეროთ სომხეთი (და არა სასომხეთი), უზბეკეთი (და არა უზბეკისტანი), ტაჯიკეთი (და არა ტაჯიკისტანი), ყაზახეთი (და არა ყაზახისტანი). რუსულის გავლენით დამკვირებული ფორმები  – მოლდოვა, ბოსნია-ჰერცოგოვინა მცდარია და უნდა ვიხმაროთ: მოლდავეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
წესი N 3: თუ უცხოური გეოგრაფიული სახელი დედანში შედგება ორი და მეტი სიტყვისაგან, ქართულად უნდა დავწეროთ დეფისით. შესაბამისად, სწორია:
New York — ნიუ-იორკი; San Francisco — სან-ფრანცისკო; Santa Cruz — სანტა-კრუსი; Lago Maggiore — ლაგო-მაჯორე;
წესი N 4: თუ გეოგრაფიულ სახელს მსაზღვრელად ახლავს მხარეების აღმნიშვნელი სახელები, ისინი ისევე უნდა ვაბრუნოთ, როგორც საკუთარ სახელთა განმსაზღვრელი ხელობა-თანამდებობის აღმნიშვნელი მსაზღვრელები.  ეს ნიშნავს, რომ მსაზღვრელი საზღვრულს შეეთანხმება ორ ბრუნვაში სრულად და დანარჩენ ბრუნვებში წარმოდგენილი იქნება ფუძის სახით. რაც შეეხება წოდებით ბრუნვას, ფორმალურად ბრუნვის ნიშანს მსაზღვრელ-საზღვრული დაირთავს, თუმცა მეტყველებაში მსგავსი ფორმა (მიმართვა) რთულად წარმოსადგენია. აქედან გამომდინარე, სწორია:
სამხრეთი ამერიკა, სამხრეთმა ამერიკამ, სამხრეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკის…
დასავლეთი ევროპა, დასავლეთმა ევროპამ, დასავლეთ ევროპას, დასავლეთ ევროპის…
აღმოსაველთი საქართველო, აღმოსავლეთმა საქართველომ, აღმოსავლეთ საქართველოს…
წესი N 5: თუ გეოგრაფიული ერთეული რაიმე ტერიტორიის ნაწილი კი არ არის, არამედ ასეთ ტერიტორიაზეა (მაგ., მიედინება მდინარე), მაშინ გვაქვს „აღმოსავლეთის“, „დასავლეთის“, „სამხრეთის“, „ჩრდილოეთის“: სამხრეთის პასატური დინება, სამხრეთის ოკეანე, დასავლეთის შელფური მყინვარი, ჩრდილოეთის საზღვაო არხი…
წესი N 6: უცხო გეოგრაფიული სახელები, რომლებიც ორიგინალის ენაზე -ზე ბოლოვდებიან, ფუძისეულ ხმოვანს ინარჩუნებენ ბრუნვის დროსაც და თანდებულების დართვის დროსაც. შესაბამისად, სწორია:
დელი, დელიმ, დელის, დელიში…
ჰელსინკი, ჰელსინკიმ, ჰელსინკის, ჰელსინკიში…
ტრიპოლი, ტრიპოლიმ, ტრიპოლის, ტრიპოლიში…
არასწორია: დასავლეთ საქართველო; ალაბამას ( ნათ. ბრ.); ტროას ცხენი; სასომხეთი; ყაზახსტანი; ჩრდილოეთ საზღვაო არხი; ნიუ იორკი
სწორია: დასავლეთი საქართველო; ალაბამის ( ნათ. ბრ.); ტროის ცხენი; სომხეთი; ყაზახეთი; ჩრდილოეთის საზღვაო არხი; ნიუ-იორკი


ვე ნაწილაკიანი ნაცვალსახელის მართლწერა
ვე ნაწილაკდართული ნაცვალსახელების მართლწერასა და კუთვნილებითი ნაცვალსახელების სწორად გამოყენება
-ვე ნაწილაკის დართვა
-ვე ნაწილაკის დართვით იწარმოება ნაცვალსახელები იგივე და ერთი და იგივე. მათი გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის, რომ ბრუნვის დროს ფუძე იცვლება მოთხრობით ბრუნვაში და დანარჩენ ბრუნვებში იბრუნვის შეცვლილი ფუძით. -ვე ნაწილაკდართული ნაცვალსახელის არსებითთან ერთად ბრუნებისას სახელობითში გვაქვს იგივე, დანარჩენ ბრუნვებში კი ფუძე იცვლება (იმავე) და ბრუნვის ნიშნები დაერთვის ამ შეცვლილ ფუძეს (ცალკე ბრუნებისას)
შესაბამისად, სწორია:
იგივე, იმავემ, იმავეს, იმავეს(თვის), იმავეთი, იმავედ. ( წოდებითი არა აქვს!)
საზღვრულთან ერთად ბრუნებისას მსაზღვრელად გამოყენებული ნაცვალსახელი მოთხრობითი ბრუნვის ფორმას ინარჩუნებს, საზღრული კი იბრუნვის ჩვეულებრივად:
სახ.იგივე წესი
მოთხ.იმავე წესმა
მიც.იმავე წესს
ნათ.იმავე წესის
მოქმ.იმავე წესით
ვით.იმავე წესად
ერთი და იგივე საზღვრულთან ერთად შემდეგნაირად იბრუნვის:
სახ. ერთი და იგივე წიგნი
მოთხ.ერთმა და იმავე წიგნმა
მიც.ერთსა და იმავე წიგნს
ნათ. ერთისა და იმავე წიგნის
მოქმ. ერთითა და იმავე წიგნით
ვით. ერთ(სა) და იმავე წიგნად
მესამე პირის კუთვნილება
კუთვნილებითი ნაცვალსახელები თავისი და მისი (იმისი) ორივე გამოხატავს მესამე პირის კუთვნილებას,  მაგრამ სხვადასხვაგვარად: თუ საგანი, რომლის კუთვნილებაზეცაა საუბარი, მოქმედ პირს ეკუთვნის, ითქმის თავისი. მაგალითად, ჭიქა ნინოსია. მან ჭიქა გარეცხა. უნდა ითქვას – ნინომ თავისი ჭიქა გარეცხა.
თუ საგანი სხვისია, ანუ არ ეკუთვნის მოქმედ პირს, ითქმის – იმისი ან მისი. ჭიქა თანამშრომლისაა, ნინომ ჭიქა გარეცხა. უნდა ითქვას – ნინომ მისი ჭიქა გარეცხა.
მარტივად – თავისი „საკუთარს“ აღნიშნავს, „მისი“ – სხვისას. სათუო შემთხვევებში უნდა მოვიქცეთ ასე: ჩავუნაცვლოთ საორჭოფო ნაცვალსახელს სხვისი და თუ მიღებული შინაარსი სათქმელის შესაფერისი აღმოჩნდა, სწორი ფორმა ყოფილა მისი, თუ არა – თავისი ( აქ დაგვეხმარება „დამხარე სიტყვა“ – საკუთარი).
ანა ძმამ, ბუბამ გააბრაზა. უნდა ითქვას – ანა თავის ძმაზე იყო გაბრაზებული ( და არა მის ძმაზე იყო გაბრაზებული!)
გაითვალისწინეთ!
თუ ზმნის სუბიექტი მრავლობით რიცხვშია, თავისი ნაცვალსახელი თავიანთი ფორმით უნდა ჩავანაცვლოთ.
გოგონებმა თავიანთი კაბები მოაწესრიგეს. ( და არა თავისი კაბები)
თუ სუბიექტი კრებითია, მასთან თავისი ფორმა გამოიყენება.
ახალგაზრდობამ თავისი სიტყვა თქვა. ( და არა თავიანთი სიტყვა)
სწორია: იმავე წიგნმა; თავიანთი წიგნები; ერთსა და იმავე წიგნს; ხალხმა თავისი გაიტანა; ბიჭებმა თავიანთი ბურთები აიღეს

არასწორია: იგივე წიგნმა; თავისი წიგნები; ერთი და იგივე წიგნს; ხალხმა თავისი გაიტანეს; ბიჭებმა თავისი ბურთები აიღეს;

ზმნიზედათა მართლწერა

ზმნიზედათა მართლწერა
ზმნიზედა არის დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს თუ სად, როდის, როგორ, რა ზომით, რამდენჯერ, რატომ ან რისთვის ხდება ზმნით აღნიშნული მოქმედება. ზმნიზედა მოქმედებას ან მდგომარეობას ახასიათებს სხვადასხვა თვალსაზრისით, ამიტომ იგი შეიძლება ახლდეს ზმნასაც და ნაზმნარ სახელსაც : გუშინ   დაწერა, გუშინ     დაწერილი წერილი…
ზმნიზედათა მართლწერა
ზმნიზედათა წერისას შეცდომების თავიდან ასარიდებლად უნდა დავიხსომოთ რამდენიმე მარტივი წესი:
1. მოქმედებითი ბრუნვისგან წარმომდგარი ზმნიზედების ბოლოს უნდა დავწეროთ  და არა : ზემო, ქვემო, გარე, წინა, უნებლიე, აქე, იქი
2. ვითარებითი ბრუნვისაგან ნაწარმოები ზმნიზედების ბოლოს უნდა       და არა : კარგა, ცუდა, უცბა
3. დეფისით (და კავშირის გარეშე) იწერება ფუძის გაორკეცებით მიღებული ზმნიზედები: ჩქარ–ჩქარა, უჯრა–უჯრა, ნაბიჯ–ნაბიჯ, ნელ–ნელა, მთა–მთა, ტყე–ტყე…
4. დეფისით იწერება აგრეთვე ანტონიმური ზმნიზედები: დილა–საღამოს, აქა–იქ, გაღმა–გამოღმა…
5. უდეფისოდ იწერება და კავშირით შეერთებული ზმნიზედები: ხანდახან, თანდათან, დროდადრო, გზადაგზა…
6. უდეფისოდ (ერთად) იწერება შერწყმული ზმნიზედები: ცალმხრივ, ყოველმხრივ, ყოველნაირად, დიდხანს, დროგამოშვებით…
7. უნდა ვთქვათ და დავწეროთ ალბათ (და არა ალბად)
საინტერესოა: ალბათ არაბულიდანაა შემოსული. მისთვის ამოსავალია ჰელბეთ  ფორმა, რაც ნიშნავს “რასაკვირველია”, “უსათუოდ”. ქართულში შემოსულს მნიშვნელობა შეუცვლია და სათუოდ, სავარაუდოდ მომხდარის მნიშვნელობა მიუღია.
8. წინ და უკან ანტონიმური ზმნიზედებია. თუ უკვე წარსულში მომხდარ ამბავზეა საუბარი, მაშინ უნდა ვთქვათ: საზღვარგარეთ წავიდა ორი წლის წინ (და არა საზღვარგარეთ წავიდა ორი წლის უკან) , ორი საათის წინ დაიწყო კითხვა (და არა ორი საათის უკან დაიწყო კითხვა)…
არასწორია: წინად, უნებლიედ, ყოველ მხრივ, ალბად, უცბათ

სწორია: წინათ, უნებლიეთ, ყოველმხრივ, ალბათ, უცბად

მეშველი ზმნები

მეშველი ზმნები
ქართულში გვაქვს ზმნები, რომლებიც პირველსა და მეორე პირში -ვარ და   -ხარ მეშველ ზმნას საჭიროებენ. მეშველი ზმნის რაობა და დანიშნულება თავად სახელწოდებიდან შეგვიძლია ამოვიცნოთ. „მეშველია“ ზმნა, რომელიც „გვშველის“ და „გვეხმარება“, რომ გარკვეული მოქმედება უფრო მეტი სიზუსტით გადმოვცეთ.
ზმნა, როგორც ცნობილია, აღნიშნავს მოქმედებას ან მდგომარეობას.
დავაკვირდეთ ზმნებს :
მივდივარ, მიდიხარ, მივრბივარ, მირბიხარ,  ვხტივარ, ხტიხარ… ეს ზმნები მოძრაობა–გადაადგილების  აღმნიშვნელი ზმნებია.
ვდგავარ, დგახარ, ვზივარ, ზიხარ, ვწევარ, წევხარ… ეს ზმნები კი მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია. 
მოცემული ზმნები ახლანდელი დროის პირველი და მეორე პირის ფორმებში, როგორც ვხედავთ, ირთავენ ვარ, ხარ მეშველ ზმნებს. მესამე პირის ფორმები კი მარტივია და მოკლე:
მიდის, მირბის, ხტის…
მესამე პირის ფორმების დაბოლოება ჰგავს ხმიანობის/ხმის გამოცემის აღმნიშვნელი ზმნების მესამე პირის ფორმებს: მღერის, ყვირის, ტირის, კივის, ტყუის…
სავარაუდოდ, ამ მსგავსების გამო შეცდომით იწარმოება ამავე ზმნების პირველი და მეორე პირის ფორმები: ვმღერივარ, ვყვირივარ, ტირიხარ, კივიხარ, ტყუიხარ…
ეს არასწორია!
შევაჯამოთ:
მდგომარეობისა და მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებთან მეშველი ზმნის გამოყენება აუცილებელია და სწორია: მივრბივარ, მიხტიხარ, მიდიხარ…  ხოლო ხმიანობის აღმნიშვნელ ზმნებთან კი არ არის აუცილებელი და შეცდომაა:
ვმღერი (და არა ვმღერივარ), მღერი (და არა მღერიხარ),
ვტირი (და არა ვტირივარ), ტირი (და არა ტირიხარ),
ვკივი (და არა ვკივივარ), კივი (და არა კივიხარ),
ვტყუი (და არა ვტყუივარ), ტყუი (და არა ტყუიხარ).
-ვარ და -ხარ მეშველი ზმნა არც აკრძალვით ფორმებში არ არის საჭირო.
მაგალითად, თუ ვინმეს “ხმიანობა” არ გვსიამოვნებს და გვინდა შევაწყვეტინოთ, უნდა ვთქვათ:

ნუ მღერი!   ნუ კივი!   ნუ ტირი!

რთული ზმნების მართლწერა

რთული ზმნების მართლწერა
ზოგიერთი რთული ზმნის შემთხვევაში საკმაოდ ხშირად გვხვდება შეცდომები – პირველი სუბიექტური პირის ნიშანს ზმნას ხან თავში დაურთავენ, ხან კი შუაში, ზოგჯერ კი, სულაც, უგულებელყოფენ. შევეცდებით მოკლედ, მარტივად და გასაგებად ავხსნათ ყველა საორჭოფო საკითხი:
საზოგადოდ, სუბიექტური პირის ნიშნები ზმნას თავშიც მოუდის და ბოლოშიც. 1-ლი სუბიექტური პირის ნიშანი პრეფიქსია. ეს ნიშნავს, რომ პირველი სუბიექტური პირის ნიშანი ვ- ზმნურ ფორმას თავში უნდა დავურთოთ. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ორი რამ:
·         თუ ზმნურ ფორმას არ დავურთავთ პირველი სუბიექტური პირის ნიშანს, პირველი და მეორე პირის ფორმები ერთმანეთს დაემთხვევა, ეს კი დაუშვებელია. შეცდომაა პრეფიქსის გამოტოვება იქ, სადაც მოქმედი პირი, მოქმედების „შემსრულებელი“ პირველი პირის სუბიექტია.
შეცდომაა:
უთხარი, არ გაბედო-მეთქი.
სწორია:
უთხარი, არ გაბედო-მეთქი
·         თუ ზმნის ფუძე ვ– თანხმოვნით იწყება , მაშინ პირველი პირის ფორმებში ორი ვ– მოიყრის თავს და ორივე უნდა დავწეროთ.
შეცდომაა:
ვარჯიშობ (მე)
ვარცხნი(მე)
განვითარდი(მე)
სწორია:
ვვარჯიშობ
ვვარცხნი
განვვითარდი
გამონაკლისი:
გამონაკლისია ზმნები მოვალ და მოვედი. ამ ზმნებში პირის ნიშანი ვ– დაკარგულია და არ იწერება. ეს დარღვევად არ ითვლება, რადგან ამ ზმნების I  და II  პირის ფორმები არ ემთხვევა ერთმანეთს:
მოვედი – მე, მოხვედი – შენ;
პირველი სუბიექტური პირის ნიშანი (ვ– პრეფიქსი) გაუგებრობას იწვევს ზოგიერთი რთული ზმნის შემთხვევაში. რთული ზმნა ორი ნაწილისგან შედგება – ზმნური ფუძისა და მეშველი ზმნისგან. ამგვარი ზმნების უღლებისას ორი პარალელური ფორმა (მე უარვყოფ და მე ვუარყოფ) გხვდება და ამათგან ერთია სწორი. იმისთვის, რომ შეცდომები არ დავუშვათ, უნდა დავიმახსოვროთ:
·         თუ ზმნის მეორე ნაწილი არის ყოფა ზმნა და ის პირიანი ფორმითაა წარმოდგენილი (და არა მიმღეობით), მაშინ პირის ნიშნებს ვურთავთ ყოფა ზმნას და არა ზმნის პირველ ნაწილს.
ნათელყოფ, უარყოფ…
·         თუ რთული ზმნის მეორე კომპონენტი რომელიმე სხვა პირიანი ზმნაა, მაშინ პირის ნიშანი დაერთვის ზმნის მეორე ნაწილს და არ პირველს:
უკუაგდებ
·         თუ ზმნას მეორე კომპონენტად აქვს მიმღეობა ან სახელი  (და არა ზმნის პირიანი ფორმა), მაშინ პირის ნიშანს ვურთავთ თავში:
ავადმყოფობ, ენამახვილობ, შუამავლობ…
·         თუ რთული ზმნის მეორე ნაწილია ვარ ზმნა, პირის ნიშანი თავშიც დაერთვის:

მირბივარ

ობიექტური პირის ნიშნების მართლწერა

ობიექტური პირის ნიშნების  მართლწერა
– და ს– პირის ნიშნები მოსალოდნელია მხოლოდ იმ ზმნებში, რომელთაც მესამე პირის ირიბი ობიექტი შეეწყობათ.
იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, საჭიროა თუ არა ჰ- და ს- ნიშნების დართვა, ორ მნიშვნელოვან კითხვას უნდა გავცეთ პასუხი:
·         შეეწყობა თუ არა ზმნას ირიბი ობიექტი?
·         იწყება თუ არა ზმნის ფუძე იმ თანხმოვნით, რომელთა წინაც ნიშნის დასმა სავალდებულოა?
მივყვეთ თავიდან:
როგორ გავიგოთ, შეიწყობს თუ არა ზმნა ირიბ ობიექტს?
თავდაპირველად, გავერკვეთ, რომელია ირიბი ობიექტი?
ირიბია ობიექტი, რომელიც ბრუნვას არ იცვლის სხვადასხვა მწკრივში და მუდამ მიცემით ბრუნვაში დგას. ამის გამო ამ ობიექტს ბრუნვაუცვლელსაც უწოდებენ. ჩვენს შემთხვევაში „დასახმარებლად“ შეგვიძლია მივმართოთ წყვეტილის მწკრივს. დავსვათ ამ მწკრივის კითხვა – რა ქნა.
თუ ამ მწკრივში ობიექტი მიცემითში აღმოჩნდება, ე.ი. ის ირიბია.
კიდევ უფრო მარტივად:
იმისთვის, რომ ამოიცნოთ ირიბი ობიექტი, ზმნას დაუსვით კითხვა: რა ქნა?
თუ ზმნა შეიწყობს ობიექტს მიცემით ბრუნვაში, ე.ი. ის ირიბია.
რახან ირიბი ობიექტი ბრუნვაუცვლელია, ის კითხვაზე – რას შვრება – ასევე მიცემით ბრუნვაში შეეწყობა ზმნას.
ავიღოთ ზმნა – ეკითხება;
შევუწყოთ პირები – ის მას მას;
ამ მოცემულობაში იმის გარკვევა, თუ რომელია პირდაპირი ობიექტი და რომელი – ირიბი – რთულია. დავსვათ „დამხარე“ კითხვა – რა ქნა.
პასუხი იქნება – ჰკითხა;
ხელახლა შევუწყოთ ზმნას პირები – მან მას ის;
დააკვირდით, რომელმა ობიექტმა არ შეიცვალა ბრუნვა?
სწორედ ეს ობიექტი გახლავთ ირიბი.
ირიბი ობიექტის შეწყობა უმთავრესი პირობაა იმისთვის, რომ ზმნამ დაირთოს შესაბამისი ნიშანი – ჰ- ან ს-, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.
ზმნა აუცილებლად უნდა იწყებოდეს ხშული თანხმოვნით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ის ირიბ ობიექტს შეიცავს, ნიშნის დართვა საჭირო არ არის.
დააკვირდით ზმნებს:
შეხედა ( მან მას)
გადასახა ( მან მას ის)
შემატა ( მან მას ის)
თითოეული ეს ზმნა შეიცავს ირიბ ობიექტს, მაგრამ  შესაბამისი პირის ნიშანი არსად გვხვდება, რადგან ამ ზმნების ფუძეები არ იწყება ხშული თანხმოვნებით.
რომელია ხშული თანხმოვნები?
დაიმახსოვრეთ:
ბ პ ფ
დ ტ თ
გ ქ კ
ძ ც წ
ჯ ჩ ჭ
ამრიგად, ირიბ ობიექტთან ერთად ზმნის ფუძის გათვალისწინებაც სავალდებულოა იმის დასადგენად, უნდა დაერთოს თუ არა მას რომელიმე აღნიშნული ნიშანი.
შევაჯამოთ:
საორჭოფო ფორმების შემოწმებისას თანმიმდევრულად უნდა გავარკვიოთ ორი რამ:
1.   ზემოთ მოყვანილი წესის გამოყენებით გაარკვიეთ – შეეწყობა თუ არა ზმნას ირიბი (ბრუნვაუცვლელი) ობიექტი?
2.   იწყება თუ არა ზმნის ფუძე ზემოთ ჩამოთვლილი ხშული თანხმოვნებით?
თუ ორივე კითხვაზე პასუხი დადებითია – პირის ნიშნის დართვა სავალდებულოა.
თუ თუნდაც ერთზე პასუხი უარყოფითია – ნიშანი საჭირო არ არის.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს რამდენიმე გამონაკლისი:
ქვემოთ ჩამოთვლილ ზმნებში ირიბი ობიექტი არ ვლინდება, მაგრამ პირის ნიშანი ს- აუცილებელია.
ეს ზმნებია:
გასტანს – გასტანა – გასტანოს;
გასწევს – გასწია – გასწიოს;
ასწევს – ასწია – ასწიოს;
გამოსცემს – გამოსცა – გამოსცეს;
გასცემს – გასცა – გასცეს;
დასძენს – დასძინა – დასძინოს;